Friday, December 19, 2008

მატყუარა გარეგნობა

თანამედროვეობამ საქართველოში ბევრი სიახლე შემოიტანა, ახალგაზრდობამ კლიშეების რღვევა დაიწყო. ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისაგან გათავისუფლებამ პიროვნებას საკუთარი თავის გამოვლინების მეტი შესაძლებლობა მისცა. შინაგანი თავისუფლება ბევრმა სუბკულტურებში იპოვა – გახდა ემო, პანკი, გოთი თუ უბრალოდ არაორდინალური ადამიანი. სტანდარტულ საზოგადოებას კი მათ მიმართ არაერთგავროვანი დამოკიდებულება აქვს.


ისინი შეიძლება განსხვავდებოდნენ სხვებისაგან ჩაცმულობით, ქცევებით, თუმცა მხოლოდ ამ მიზეზით – განსხვავებულობის გამო მათი საზოგადოებიდან გარიყვა და “ცუდის” იარლიყის მიკერება ალბათ უსამართლო და დაუშვებელიც კი იქნებოდა. განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების სიმრავლე ცუდი არ უნდა იყოს. მათ შორის, ვინც საქართველოში ფეხგადგმულ მენტალიტეტს ებრძვის, შეიძლება ბევრი იქცეს კიდეც თავისთავად მოდას აყოლილად და უბრალო “პოზიორად”. 16 წლის გოგონამ, კითხვაზე რაში გამოიხატება მისი პანკობა, ასეთი პასუხი გასცა: “პანკ სტილი არის მუსიკის ერთ-ერთი მიმდინარეობა, გამოიხატება ჩაცმულობაში. როცა იცვამ პანკ სტილზე, რაღაც გსიამოვნებს – ჰალსტუხი და რამე”. თუმცა, რა თქმა უნდა, სუბკულტურებისათვის თავის მიკუთვნებით ადამიანი არ უნდა კარგავდეს საკუთარ ინდივიდუალურ სახეს. ტერმინთა გაუაზრებლობა და ცხოვრებაში მათი არასწორი გამოყენება როდი ნიშნავს იმას, რომ არავის გააჩნია თავისი აზრი.
ქეთი ჭყოიძე, ფსიქოლოგი: ”თინეიჯერობა – ეს ისეთი ასაკია, როცა ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება მოთხოვნილება იქნეს აღიარებული სხვების მიერ და ეძებს რაღაც ისეთ გზებს, რაც ამის განხორციელების საშუალებას მისცემს მას. და როცა აღიარებენ, ამით იგი იკმაყოფილებს ძალიან ბევრ მოთხოვნილებას – დაფასებულია ჯგუფის მიერ, აქ არის თვითგამოხატვა, საკუთარი ემოციების დაკმაყოფილება. შეიძლება მათ ჰქონდეთ თავიანთი შიდა პრობლემები, რაც მათ თვითგამოხატვის ამ საშუალებას არჩევინებს”.
ნინო, 14 წლის, პანკი: “აგრესიული ვარ... ხისტი ხასიათი მაქვს. ადამიანებს არაფრად ვაგდებ... ვფიქრობ, სიყვარული ნაკლებად შემიძლია. მუსიკასაც აგრესიულს ვუსმენ... ერთი ბიჭი მიყვარდა, რომელმაც ისე დამიკიდა, ვითომც არაფერი... მას მერე გულაცრუებული ვარ... ბოლო ორი წელია შევამჩნიე და მივაკუთვნესავით თავი არასტანდარტულ ადამიანებს, ამას გინდ პანკობა ერქვას და გინდ რაღაც სხვა. არ მაინტერესებს სხვისი აზრი. მე ჩემი გამაჩნია და იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა... მშობლებს არასოდეს არაფერი უთქვამთ, მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, მათ – თავისი. ჩარევის უფლება არავის აქვს. რომც ჩაერიონ, ვერაფერს შეცვლიან და მათ ეს იციან”.
საინტერესოა, რატომ აქცევს საზოგადოება ამგვარ პიროვნებებს განსაკუთრებულ ყურადღებას თითქმის ყოველთვის უარყოფით კონტექსტში – იქნებ თვით საზოგადოება ქმნის ზედმეტ აჟიოტაჟს, “აურზაურს არაფრის გამო”? იქნებ მათი უკიდურესად დამცინავი დამოკიდებულება მართლაც არასწორი და არაეთიკურია? რატომღაც ადამიანები სხვათა განსჯისას მხოლოდ ზედაპირული მოსაზრებებით შემოიფარგლებიან.
ქეთი ჭყოიძე, ფსიქოლოგი: “როცა საზოგადოება ან ცალკეული პიროვნება ხედავს, რომ მეორე ადამიანი განსხვავებულია, ასეთი ტიპის პიროვნებებს რიყავენ ხოლმე - შენ ჩემნაირი არა ხარ, შენ სხვანაირი ხარ და იგი ავტომატურად ირიყება. ანუ აქეთა მხარე ეძებს ისეთ კომპონენტებს იმ არაორდინალურ ადამიანში, რომელიც მასაც გააჩნია ან მიახლოებით მაინც ერთნაირი აქვთ. და... როცა ვერ პოულობს, რიყავს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ადამიანი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. თუ ის ადამიანი არის განსხვავებული, შეიძლება მისი ამ განსხვავებულობის მიზეზი რეალურად ისეთ რამეში იმალებოდეს, რაზეც ჩვენ წარმოდგენა არ გაქვს. არაორდინალური პერსონა კი გამოხატავს ამ პრობლემას სწორედ ასე - სხვანაირად ჩაცმით, თმის განსხვავებული ვარცხნილობით, სხვანაირი საუბრით და ა.შ. ჩვენ კი პატივი უნდა ვცეთ მას ისეთს, როგორიც რეალურად არის, როგორც რეალურად გამოხატავს თავს, თუნდაც იმ არასტანდარტული აღკაზმულობით, ჩაცმულობით, სიტყვიერებით, ვარცხნილობით უნდა მივიღოთ ის საკუთარ ორიგინალურობაში. როცა ადამიანი იცვამს სხვანაირად - ისე არა, როგორც ყველა, თმას იყენებს სხვანაირად - ისე არა, როგორც ყველა, ის უკვე გამოირჩევა რაღაცით ანუ... ამ განსხვავებულობას თვალი რომ ხედავს, ამ შემთხვევავში საზოგადოება, უკვე კიდევ ბევრ სხვა რაღაცას მიაწერს იმ პიროვნებას. ისინი ნეგატიურ ასპექტში ფიქრობენ, რომ თუ ის თუ ასეთია, ე.ი., “რაღაც ცოტა სხვანაირია”. ეს ყველაფერი სტერეოტიპებამდეა დაყვენილი და თან თვითონ ის ადამიანიც ამ როლში კარგად ზის. ის აღიქვამს, რომ რადგან განსხვავებულად თვლიან, შეიძლება განსხვავებულად მოიქცეს და იქცევა კიდეც, ანუ ამართლებს სტერეოტიპულ მოლოდინებს”.
სოფია კენჭიაშვილიც ერთ-ერთი მათაგნია, ვისაც სურს იყოს განსხვავებული და სტანდარტებისაგან თავისუფალი პიროვნება. შოფიას შინაგანი თავისუფლების სურვილი ჩანს მისსივე ნაწერებში – ლექსებსა და ჩანახატებში.
ეს გოგონა საზოგადოებამ რეალურ შოუ ”ჯეობარიდან” გაიცნო და დაიმახსოვრა, როგორც მეტად თამამი, უკომპლექსო, მათგან “განსხვავებული” პიროვნება და ბევრმა სწორედ ამ გამორჩეულობნის გამო გარკვეულწილად აითვალწუნა კიდეც. ის ხომ მართლაც არაორდინალურია გრძელი წითელი თმით, პირსინგებით, ჩაცმის მისეული სტილით, თავისუფალინ აზროვნებით... სოფია აღნიშნავს, რომ სამყაროს ინდივიდუალური ხედვა აქვს, მის ნაწარმოებებშიც ხომ სწორედ გარკვეული სპეციფიკური დამოკიდებულება იგრძნობა შექმნილი რეალობის მიმართ. სოფია თავს გარიყულად არ გრძნობს, უბრალოდ მოითხოვს მეტ თავისუფლებას გარშემომყოფებისაგან. მას სჯერა, რომ არც თვითონ შეიცვლება ოდესმე და მისი პროტესტიც ნაკლებადაა სამყაროს შეცვლის მცდელობა. სოფოსათვის რაიმეს შეცვლის მცდელობას აზრი არც აქვს, თუ ადამიანები თავად არ გაიგებენ, თავად არ მიხვდებიან, რომ ესა თუ ის ცვლილება საჭიროა.
სოფიას ასეთი შეხედულება აქვს: “ადამიანის ცხოვრებაში დგება გარკვეული პერიოდი, როცა ხვდები, რომ რაღაც უნდა დამთავრდეს. მაგალითად, დღეს ეკლესიაში ვიყავი და მივხვდი, რომ უნდა მოვინათლო. დასრულდა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი და დაიწყო სხვა. რწმენა გამიჩნდა”. რწმენა კი ბევრჯერ დაუკარგავს იმის გამო, რომ დაუმსახურებლად ექცეოდნენ: “ჩემს გარშემო რატომღაც სულ ასე ხდებოდა – ადამიანს ჩავეხუტებოდი, მოვეფერებოდი, გავუღიმებდი და... ბოლოს ისე მომექცეოდნენ, რისი ღირსიც არ ვიყავი. შეიძლება, ბევრში გაღიზიანებას ვიწვევდე ქცევებით, ლაპარაკით, პირსინგებით, მაგრამ, მირჩევნია ორი გულწრფელი ადამიანი მყავდეს გვერდით, ვინც ნამდვილად მიცნობს, ვიდრე ყალბი ვიყო მასასთან ურთიერთობაში”.
სოფია თვლის, რომ საზოგადოებაში დოგმაა მთელი ცხოვრების გატარება სხვების მიერ დაკანონებული წესების მიხედვით და ადამიანების უსამართლოდ განსჯა.
ბევრი ადამიანისათვის განსხვავებულობა ცოდვასთან ასოცირდება, სოფიასათვის კი ცოდვაა სიძულვილი და ბოღმა.
სამყარო გაჟღენთილია სტერეოტიპული მოსაზრებებით. ადამიანები აფასებენ სხვების ქცევებს, მაგრამ საკითხავია, მაინც რას განსჯიან და განიხილავენ? პიროვნების ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას? Aდამიანის მსოფლმხედველობის პრინციპული შეცვლა, მით უმეტეს, ძალით, შეუძლებელია.
სოფია ფიქრობს, რომ ადამიანები კიცხავენ მათ, ვინც არ მალავს საკუთარ “მე”-ს, შინაგან თავისუფლებას. თუმცა, თავისუფლებასაც სხვადასხვაგვარად განსაზღვრავენ ხოლმე, რადგან თვით ცნების არსის განვრცობა ძალზე სუბიექტური მომენტია. “ვიღაცის თავისუფლება გადის იქ, რომ ჩაიცვამს მოკლე კაბას და ის თავისუფალია. მე კი საერთოდ არ ვატარებ მოკლე კაბას, იმიტომ, რომ არ მიხდება”.
საერთოდ, ქვეყანაში განსხვავებულად მოაზროვნე პიროვნებათა არსებობა პოზიტიურ მოვლენად ითვლება და მათი სიმრავლე საზოგადოების ღიაობას ნიშნავს.
ქეთი ჭყოიძე, ფსიქოლოგი: “თუ ის განსხვავებულად იცვამს და განსხვავებულად აქვს თმა, ეს ავტომატურად ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან განსხვავებულად და ორიგინალურად აზროვნებს. მაგრამ, თუ მას აფასებს მასზე “ცარიელი” ადამიანი ცუდად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მასში რაღაც ნიჭს ხედავს და უნდა ეს ნიჭი დაამდაბლოს, ეს უკვე იმ ადამიანის პრობლემაა, ვინც აფასებს უარყოფით ჭრილში”.
საზოგადოება კი კვლავ აგრძელებს სხვების განსჯასა და შეფასებას... ვიღაც არ უფიქრდება იმას, რომ შეიძლება შინაგანად თავს უფრო ცარიელი იყოს, ვიდრე ის, ვისკენაც მიმართავს საჩვენებლ თითს... პრობლემის გადაჭრის გზა ადამიანების მიერ “გამოხატვის თავისუფლების” უფლების აღიარებაშია. ყველა ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს საკუთარი მდგომარეობა, სხვებმა კი პატივი სცენ მის გადაწყვეტილებას. ხშირად მიზეზების ძიებას სტერეოტიპებამდე მივყავართ. სტერეოტიპებამდე, რომლებსაც ჯერ კიდევ მყარად აქვთ გადგმული ფესვები თითოეულის ცნობიერებაში.

ლევან ყენია: “ფეხბურთის სამყაროში მოულოდნელად არაფერი მოდის”

 
   ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, იმ ასაკში, როცა ფეხბურთელთა უმეტესობა პირველ ნაბიჯებს დგამს საკუთარ პროფესიონალურ კარიერაში. ლევან ყენიამ კი მოახერხა და ჯერ 2004–2005 წლებში თბილისის “დინამოში”, შემდეგ კი 2005–2007 წლებში თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა. იგი მალე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად იქცა და ბუნდესლიგის კლუბ “შალკე 04”-შიც ჩაირიცხა. ეს ალბათ მხოლოდ დასაწყისია...

   
მისი საფეხბურთო კარიერა, როგორც საერთოდ ბევრი ბავშვისთვის, ჩვეულებრივად – ეზოში დაიწყო, შემდეგ ფეხბურთზე სიარულიც დაიწყო.
  ლევან ყენიას ფეხბურთი რომ არ ეთამაშა და ამ სფეროში არ მიეღწია წარმატებისათვის, მაშინ ალბათ აუცილებლად მოჰკიდებდა ხელს სწავლას სერიოზულად. თუმცა, ისე, არც ბეჯითობით გამოირჩეოდა ოდესმე.
  ლევანის აზრით, მისი წარმატებში არა მარტო ნიჭმა, არამედ სხვა ფაქტორებმაც, თუნდაც გამართლებამ, ითამაშეს დიდი როლი. ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომ ამ სამყაროში მოულოდნელად არაფერი მოდის, ყველაფერი დიდი შრომისა და მოლოდინის ხარჯზე მიიღწევა. ასე იყო ლევან ყენიასთვისაც. 
  მისთვის ძალზე ძნელი იყო უცხო ქვეყანაში, ახალ სამყაროში ცხოვრების დაწყება, მაგრამ ლევანმა იცის, რომ ფეხბურთელს შეიძლება ბევრგან მოუწიოს გადასვლა, ამ აზრს წინასწარ შეგუებულია. “ჯობს ამ ყველაფერს ახალგაზრდულ ასაკში მიეჩვიო” – ასე ფიქრობს იგი.
  მას შემდეგ, რაც ევროპაში ცნობილი გახდა, ამ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა: “თითქოს ყველა უფრო მეტად ყურადღებიანი გახდა, მაგრამ ჩემთვის ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საერთოდ კი, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა ალბათ კომფორტული არ არის. ზოგჯერ მაღიზიანებს ხოლმე” – ასეთია ლევან ყენიას აზრი. 
  ლევან ყენიას ძალიან ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა იმისათვის, რომ მაღალი დონის კლუბში (სადაც კონკურენციაც მაღალია) შესაბამისად ითამაშოს, ფორმა არ დაკარგოს და ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდროს ადგილი. “მე რასაც ვაკეთებ, ამ ყველაფრის გაკეთების სურვილი თავად მაქვს და შესაბამისად ამგვარი განწყობა მიადვილებს კიდეც საქმეს. პირიქით, ასე რომ არ გამეკეთებინა, ალბათ მაშინ იქნებოდა რთული”- ამბობს ლევანი.
  ამ დროისათვის ლევან ყენიას ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. ბუნდესლიგაში ჯერ მატჩი არ ჩაუტარებია და არც ევროპულ ასპარეზზე გაუტანია გოლი. 16 საერთაშორისო მატჩიდან 10 გერმანული კლუბისთვის აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლი გაიტანა.
 როგორც თვითონ ამბობს, მისი, ცოტა არ იყოს, არასტაბილური თამაშის მიზეზი თავიდან შესაძლოა იყო ის, რომ მწვრთნელი არ ენდობოდა, შემდეგ კი ტრამვამ შეაწუხა და მისმა მკურნალობამ გარკვეული დრო წაიღო. იმედი აქვს, რომ მწყობრში მალე ჩადგება და სათანადო დონეზეც ითამაშებს. 
  ლევან ყენიას 2012 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი “შალკე 04”-თან.  


Tuesday, December 2, 2008

ჯგუფი "Ketrine & Me"

ჯგუფ "Ketrine & Me"-ს წევრი ირაკლი კახიშვილი:

პირადად ჩემი კარიერა ძალიან ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ დინოზავრები რომ არსებობდნენ, მაშინ (იცინის). ხოლო რაც შეეხება "Ketrine&Me"-ს, ეს ჯგუფი ახალი დაბადებულია, ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია და ვითარდება.

რა სტილს ასრულებთ? რატომ გადაწყვიტეთ მაინც და მაინც ამ მუსიკალურ ჟანრში მოღვაწეობა?

სტილი არ ვიცი რა არის, ალბათ ყველაფერს ერთად ვუკრავთ, რაც გვიყვარს და მოგვწონს. უფრო კონკრეტულად მსმენელმა უნდა გვითხრას, როცა მოუსმენენ. როცა ბობ დილანს ეკითხებოდნენ რაზეა შენი სიმღერაო, ის პასუხობდა თავად გამოიცანითო. ჩვენც რაც გამოგვდის იმას ვაკეთებთ, ვცდილობთ...


ვინ არიან ბენდის წევრები და როგორ შეიკრიბეთ?

ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესში ვართ და ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის ყველაფერი... ჯერ მე ვარ მე ანუ ირაკლი კახიშვილი და ეკა ამირეჯიბი ანუ კეტრინი... შევიკრიბეთ, რა ვიცი, ჩვეულებრივად, პრინციპში ჯერ არც შევკრებილვართ სრულფასოვნად (იცინის).

რამდენად ახერხებთ საკუთარი თავის წარმოჩენას და გაცნობას ქართული საზოგადოების ფართო ფენებისთვის?

რამდენადაც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას ესეთი რაღაცეები, ალბათ იმდენად


ყოფთ თუ არა მუსიკას კომერციულ და ნამდვილ მუსიკად?

ჩემთვის არსებობს მუსიკა რომელიც მომწონს და მუსიკა, რომელიც არ მომწონს... ჩემთვის ნომერ პირველი ჯგუფია "Depeche Mode", შემდეგ "Placebo", "The Cure", "The Smiths", "Radiohead"...

საზღვარგარეთ გასტროლების მოწყობას თუ ახერხებთ?

ჯერ მაგ ეტაპზე არ ვართ... ჯერ მუსიკას ვაკეთებთ ანუ არანჟირებას რომ ეძახიან, აი მაგას. ამას წინათ, სექტემბერში ვიყავით უკრაინაში, ფესტივალზე, სადაც პუბლიკა კეთილგანწყობით შეგვხვა.

ძირითადად სად გამოდიხართ ხოლმე?
გვქონდა კონცერტები "London Pub"-ში, ვაკის პარკში, ნიაზის კლუბში ვუკრავდით. 27 დეკემბერს კონცერტი გვაქვს ვაკის პარკში, ნიაზის კლუბში.

როგორაა საქმე ფანების მხრივ?

არიან ადამიანები, ვისაც მოსწონს ჩვენი სიმღერები, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობ მაგაზე, ჩვენთვის მთავარია, ჯერ მუსიკა შევქმნათ. ვმუშაობთ ალბომზეც.

როგორია მომავლის გეგმები?

რაც შეეხება მომავალს, ვაგრძელებთ და კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას.