Saturday, June 20, 2009

ფოტოები ხურვალეთის დევნილთა დასახლებიდან










“მინდა ჩემი სოფელი დავლოცო, ჩემი გადამწვარი სოფელი...”

       რეპორტაჟი ხურვალეთის დასახლებიდან  

     ხურვალეთი, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ დევნილთა დასახლება.

   პირველი, რასაც ამ დასახლებაში შესვლისას იგრძნობთ, რაღაცნაირი სიჩუმეა. ირგვლივ საოცარი ერთფეროვნებაა გამეფებული – სოკოებივით ჩამწკრივებული თეთრი, აბსოლუტურად იდენტური სახლები, ტუალეტები, თონეები... გაიხედავ, კოტეჯი, კოტეჯი, კოტეჯი... 7 რიგში 140 სახლია განლაგებული.

   პირველი ადამიანი, ვინც თავისი ოჯახი სიამოვნებით წარგვიდგინა, მაკა ჯავახიშვილი აღმოჩნდა. ის ხურვალეთის დასახლებაში სოფელ ქსუისიდანაა დევნილი. ხურვალეთში მოსახლეობის 80% სწორედ ქსუისიდანა არის იძულებით გადაადგილებული. მაკასათვის ყველაფრის გახსენება ძალზე რთულია. მიაჩნია, რომ ვერავინ შევა მათ მდგომარეობაში, თუ თავად არ გამოცდის მსგავს გაჭირვებას. მაკა ერთდერთი არაა, ვინც ასე ფიქრობს.

   ხურვალეთში სპეციალურად დევნილებისთვის აშენებული სახლები საკმაოდ პატარაა და ოთხი ოთახისაგან შედგება – შესასვლელი ოთახი, ორი საძინებელი და სამზარეულო. იძულებით გადაადგილებულებს აქ ტელევიზორი, ტანსაცმლის კარადა, სამზარეულოს კარადა, ოთხი საწოლი, მაგიდა და ოთხი სკამი დახვდათ. “რაც შეეხება ჭურჭელს, 4 თეფში, 4 ჭიქა, 4 ჩანგალი და 4 კოვზი შეგვხვდა”, - გვითხრა მაკა ჯავახიშვილმა. ზოგს მეტი ნივთი აქვს, მხოლოდ მათივე მოტანილი ან ვინმეს ნაჩუქარი. სკამები ბევრს დაეშალა, გაუტყდა და გადაყარა. “სხვა დასახლებებში უფრო ეხმარებიან, აქ კი, რაც თავდაპირველადვე დაგვხვდა, იმით ვართ დღემდე,” – ამბობს ერთ-ერთი დევნილი, იზა ოქროპირიძე, - “ეს კოტეჯები 4 კაცზეა გათვლილი ანუ ერთ ოჯახზე, მაგრამ ჩვენ არ მოგვცეს. წესით, ჩვენთვის 3 კოტეჯი უნდა მოეცათ – ცალკე ჩემთვის, დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის, ცალკე ჩემი ორი ძმისთვის და მათი ოჯახებისათვის. მაგრამ, რადგან არ მოგვცეს, დედაჩემი და მამაჩემი ცხოვრობენ ერთ ძმასთან და მე კი ადგილის სიმცირის გამო აქ, მეორე ძმასთან, გადმოვედი. იმედი გვაქვს, მალე მოაგვარებენ ამ პრობლემას.”

   ხურვალეში ჩასახლებულები ჩივიან, რომ სახლები ძალიან უხარისხო მასალით არის აშენებული. ზოგან ძალიან მშრალი მასალაა გამოყენებული, ზოგან კი, პირიქით, ძალიან სველი. “მე ეს შენობები სახლები საერთოდ არ მგონია,” – ამბობს ერთ-ერთი მოსახლე, - “ცემენტი არ არის გამოყენებული, მხოლოდ ქვიშა, რომელიც გამუდმებით იფშვნება და ცვივა”. რაც შეეხება იატაკს, დევნილ იზა ოქროპირიძის თქმით, ”იქიდან ჭიები, ხვლიკები და კალიები ძვრებიან. წვიმის დროს კი წყალი საცხოვრებელი ნაგებობებში არა მარტო ჭერიდან ჩამოდის, არამედ ფანჯრებიდანაც კი პირდაპირ სახლში ასხამს.” მოსახლეობას წვიმის დროს პირდაპირ ლაფიდან უწევს სახლში შემოსვლა, ამიტომაც სახლებშიც მუდმივად სუნი დგას. “არასასიამოვნო სუნი დგება ტუელეტების გამოც, რომლებიც სახლების გვერდით მეტად უხერხულადაა განლაგებული, - აღნიშნავს მაკა, - “სიცხეში აქ ისეთი სუნი დგება, სახლის წინ ვერც გაივლი.”

   სამსახური დევნილთა უმეტესობას არ აქვს. გიორგი ოქროპირიძე გამნაკლისია. ის თბილისის ხორცკომბინატში მუშაობს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასი არაფერში ყოფნის, ვინაიდან ოჯახში ჯერ კიდევ აკლიათ აუცილებელი ნივთები.

   გაეროს პროგრამით დევნილებს შაქარით, ზეთით, ლობიოთი, მაკარონით და მარილით ეხმარებიან. “მოგვბეზრდა... ლობიო ბრინჯით მაინც შეცვალონ. ბოსტნეულიც საჭიროა, ბავშვები გვყავს და სუპს მაინც მოვუმზადებთ. რაც ბლომად არის და ყრია, იმას გვაძლევენ.” – წუხს მაკა, - “მეტი არაფერი დახმარება არ არის. ფულადი დახმარება თავდაპირველად იყო 200 ლარი, მერე იყო 3 თვის განმავლობაში 25 ლარი, დანარჩენი არაფერი.” ძირითადად, აქ ყველას სტანდარტულად აქვს საკვები, მაგრამ, ზოგიერთს თუ განსხვავებული რამ მოეპოვება სახლში, ეს იმის ხარჯზე, რომ დახმარებით მიღებულ პროდუქციას ცვლის ცოტა პამიდორზე თუ კარტოფილზე, რომ რამე განსხვავებული საკვები მიიღოს. პურს კი თავადვე აცხობენ თონეებში, რომლებიც ადგილზევე აუშენეს და ფქვილიც მისცეს.
  მოსახლებისათვის ძალზე საჭიროა სამედიცინო დახმარების სისტემა. “არ არსებობს დღე, რომ აქ ვინმეს სასწრაფო არ დასჭირდეს, რომელიც, საბედნიეროდ, ყოველთვის დროულად მოდის. მაგრამ, სანამ სასწრაფომდე არ მივა საქმე, არ არის საჭირო სამედიცინო დახმარება?” – წუხს ერთ-ერთი იქაური, მოხუცი ქალი. თამუნა დათუნაშვილი კი ამბობს: “პოლიკლინიკა? ზღაპარია ეს ყველაფერი აქ, ჩვენთან. თუმცა ბევრს ჰყავს ბავშვი და, მინიმუმ, პედიტრი მაინც რომ იყოს, კარგი იქნებოდა. გარდა ამისა, ყველას გვჭირდება ფსიქოლოგი.” “სასურველი კი არა, აუცილებელია იყოს ამბულატორია, სხვადასხვა ჯგუფის ექიმები, სადაც ოჯახის წევრები მივლენ, გაესინჯებიან და გაესაუბრებიან ფსიქოლოგებს, რომ განიტვირთონ იმ სიტუაციიდან, რაც ახსოვთ, რაც გადაიტანეს” – თვლის მარი, პატარა ნანიკოს დედა, რომელიც ხურვალეთში იზრდება, - “ადრე “ლიბეროს” პამპერსებიც მოჰქონდათ, მაგრამ 2 თვეა აღარ მოუტანიათ.” გარდა ამისა, აქ ფეხმძიმეებიც არიან, რომელთათვისაც ასევე ძალიან საჭიროა ექიმთან კონსულტაციები.  
  მოსახლეობისათვის პრობლემებთანაა დაკავშირებული სასაფლაოს საკითხიც. ”აქ, ამ დასახლებაში გარდაიცვალა ერთი ქალი და სად უნდა დაგვეკრძალა, ისიც არ ვიცოდით. ვთხოვეთ გამგებელს, რომ რამე ტერიტორია მაინც გამოეყოთ, ყველანი ხომ სიკვდილის შვილები ვართ... მართლაც დააკმაყოფილეს ჩვენი თხოვნა, მაგრამ ადგილი ჭაობიანი აღმოჩნდა, დასახლებასთან ძალიან ახლოს. მანამადე უნდა დაეკრძალათ იქით, ერთი სოფელია, მთების გადაღმა, არის სასაფლაო, ჯერ ტრანსპორტიც არ გვქონდა, როგორ უნდა აგვეყვანა იქამდე”, - გვიხსნის ერთ-ერთი დევნილი.
  ნორმალური ცხოვრებისათვის ასევე საჭიროა ჰიგიენური საშუალებები და ათასი სხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანი. “ჩვენთვის ჰიგიენური საშუალებები, თუ არ ვცდები, ქუვეითიდან ჩამოჰქონდათ - შამპუნი, კბილის პასტა, ჯაგრისები და ა.შ., მაგრამ ყველაფერი ძალიან ცუდი ხარისხის. სარეცხ ფხვნილს საშინლად მძაფრი სუნი ჰქონდა, მაგრამ ხალხი იძულებული იყო გამოეყენებინა ეს პროდუქცია, რადგან სხვა არანაირი საშუალება არ გვქონდა.” - ამბობს მაკა ჯავახიშვილი და სხვებიც უდასტურებენ, - “ბრიფინგებს რომ აწყობენ, დევნილები გაზიფიცირებულები არიან, აღარ აქვთ ბევრი პრობლემაო – არ არის ეს ასე და უნდა მოგვხედონ.”
  როგორც დევნილები აღნიშნავენ, იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ, ყველაფერი ჰქონდათ – მეურნეობა, ღორები, ძროხები, ბოსტნეული, სიმინდი, ხორბალი, ლობიო, აქ კი არაფერი აქვთ. “ქსუისში უამრავი ხილი გვქონდა, ახლა კი, რამდენი ხანია, ვაშლი არ მიჭამია...” – ამბობს მაკა ჯავახიშვილის დედა. “წითელი ღვინო ცალკე მქონდა, თეთრი – ცალკე, ცვლიდან რომ მოვდიოდი, ძმაკაცები ვქეიფობდით ხოლმე, ახლა კი აღარაფერი შემრჩა...”, - წარსულს იხსენებს გიორგი ოქროპირიძე. ახლა სახლის გვერდით პატარა საქათმეები უდგათ წიწილებისთვის და მცირედ, როგორც თავად უწოდებენ, ხრიოკ მიწის ნაკვეთს ამუშავებენ. აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში თავდაპირველად გათვალსწინებული იყო ბოსლების აშენება და ძროხების შემოყვანაც, თუმცა, რადგან საქონელი ზამთარში ფიცრის ნაგებობაში ვერ გაძლებს, თავი შეიკავეს. 

   წყალს 6 საათის შემდეგ კეტავენ. როგორც იქაურები ფიქრობენ, მალე შეიძლება ესეც აღარ ჰქონდეთ, რადგან ბურღზეა და ნებისმიერ დროს შეიძლება გათავდეს. ხურვალეთის დასახლებაში წყალი და სველი წერტილები სახლებში არ არის. თამუნა დათუნაშვილის თქმით, წყალიც ცუდია, რადგან კანზე ცუდად მოქმედებს.

   დევნილებს თავიდან შეშა მოუტანეს, მაგრამ ის შეშა არ ეყოთ – “ზამთარი როგორ გადავიტანეთ, ახლაც არც ვიცით. თანაც, იმ ადგილას, სადაც ღუმელი ენთო, კედლები რომ ცხელდებოდა, იბზარებოდა.” – იხსენებს მაკა ჯავახიშვილი.
  ბავშვებისათვის სკოლაში სიარულის საშუალება არის, თუმცა ამისათვის 3 კმ-ის გავლაა საჭირო. ამ პრობლემის გადასაჭრელად ქვეყნის მთავრობამ ადგილობრივი კაცი დაასაქმა, რომელსაც სამარშუტო ტაქსი ჰყავს და ბავშვები უფასოდ დაჰყავს სასწავლო დაწესებულებამდე. რაც შეეხება ბაღს, ხურვალეთის დასახლების მცხოვრებლების თქმით, არასამთავრობოებმა (“იუნისეფმა”) გახსნეს ე.წ. გასართობი ცენტრი, სადაც ზოგიერთი დევნილი მუშაობს კიდეც აღმზრდელად. ბაღი დილის 10-დან შუადღის 2 საათამდე მუშაობს, სადაც ბავშვებს მხოლოდ ათამაშებენ და ლექსებს ასწავლიან, ამ ყველაფერში არ შედის ჩვეულებრივი საბავშვო ბაღისათვის დამახასიათებელი კვება და ძილი. “გასართობ ცენტრში, რომელიც ხუთთვიანი პროგრამის საფუძველზე ჩამოყალიბდა და 20 მაისს დაიწყო, ორი ჯგუფია შექმნილი. ბავშვებს, ასე თუ ისე, მოსწონთ და მოხარულები ვიქნებით, თუ კიდევ მეტხანს გაგრძელდება. თუმცა, მაინც უნდა ითქვას, რომ იქ არ გვაქვს ისეთი პირობები, რომ მას საბავშვო ბაღი დავარქვათ” – ამბობს იზა ოქროპირიძე, რომელიც იქვე მუშაობს.

   აქ ერთიორს აქვს გახსნილი სავაჭრო ჯიხური, სადაც პირველადი მოხმარების საგნები იყიდება, თუმცა ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს და ფასებიც სულ განსხვავებულია, ამიტომ ხშირად გორში უწევთ წასვლა.

    ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ახლომახლო ტაძარი არ არის. მაკა ჯავახიშვილის თქმით, “ყველას აქვს სურვილი, რომ გვქონდეს პატარა ეკლესია, პატარა სამლოცველო, მით უმეტეს, რომ აქაურობა უკვე დასახლებად ითვლება. ხალხს არ აქვს საშუალება, რომ ხშირად იაროს წირვებზე თუ საღამოს ლოცვებზე გორში, რადგან ეს, ისევ და ისევ, ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეკლესია რომ იყოს, ჩვენც უფრო ვიგრძნობდით თავს ჩვეულებრივ ადამიანებად, თუმცა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადავიტანეთ, ეს ძალიან ძნელია.” ერთ-ერთი დევნილის, ჭაბუკას თქმით კი, “სამწუხაროდ, აქ ორმოცდაათიანელების სექტიდან უფრო მოდიან საჩუქრებით, როცა, წესით, მღვდელი უნდა მოდიოდეს.”  

    აქ ზოგიერთი თვლის, რომ ყველაფერი გამოიგლოვეს, აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ამ წუთით იცხოვრონ, თუმცა ბევრისათვის ასე არ არის – “ააშენე, გააკეთე, შეიძინე, შეუნახე შვილიშვილებს და ბოლოს არაფერი გრჩება, საშინელებაა” – განიცდის მაკა.

    ისინი ხურვალეთამდე თბილისის სხვადასხვა უბნებში ცხოვრობდნენ - გლდანულაში, საბურთალოზე... იმ დრიოდან აქაურებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ახსოვთ ადამიანებისაგან. “თბილისში ყველას ვეზიზღებოდით, ოღონდ ჩქარა წაეთრიონ აქედანო, ხშირად გამიგია ადგილობრივებისაგან. ყველას, ბიდიში და, ფეხებზე ვეკიდეთ. ჯოჯოხეთი იყო მიცკევიჩზე იძულებით გატარებული ის 3 თვე ჩემთვის” – სახეზევე ეტყობა, რამხელა გულისტკივილით იხსენებს ამას ხურვალეთში დევნილი ჭაბუკა, რომელიც აქ შვილთან და ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

    მოსახლეობისათვის ერთადერთი “გასართობი” ის არის, რომ ხანდახან საღამოობით გარეთ გადიან და ერთმანეთს საკუთარ გასაჭირზე ესაუბრებიან. ზოგადად, ვერავინ ეგუება იმ დანაკარგს, რაც აგვისტოს ომს მოჰყვა: “უამრავი წიგნი დავტოვე, დღესაც ცუდად ვხდები ხოლმე, რომ მახსენდება. ხანდახან ჟურნალს ვყიდულობ, რომ კითხვა მაინც არ დამავიწყდეს.” – განიცდის იზა ოქროპიროძე. და კიდევ ბევრია მსგავსი ამბავი...  

    მიუხედავად ამდენი ტრაგედიისა და გაჭირვებისა, მათ მაინც აქვთ ძალა სათანადო სტუმართმოყვარეობა გამოიჩინონ სხვების მიმართ და მცირედით გაშლილ სუფრაზე შესვან სადღეგრძელო: “მინდა ჩემი სოფელი დავლოცო, ჩემი გადამწვარი სოფელი დავლოცო...”

Friday, June 5, 2009

ოპოზიციის აქციების შესახებ..

   უკვე დაახლოებით ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 9 აპრილს ოპოზიციის ხელმძღვანელობით ხალხი ქუჩაში გამოვიდა პროტესტითა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. 

   დღეისათვის კი საქართველოში კვლავ პოლიტიკური კრიზისია შექმნილი, თუმცა არანაირი შედეგი არ ჩანს. მას შემდეგ, რაც 9 აპრილი დადგა და დრო წინ წავიდა, აქციებზე გამოსული ხალხის რაოდენობამაც თანდათანობით, პერმანენტულად იკლო. ეს რამდენიმე მიზეზით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული: ერთი იმით, რომ ოპოზიცური ძალები ვერ აღმოჩნდნენ სათანადოდ ძლიერები, რომ საპროტესტო მანიფესტაციებზე გამოსული ადამიანების სტაბილურობა გაეკონტროლებინათ, განემტკიცებინათ მათში აზრი მთელი ამ აურზაურის აუცილებლობის შესახებ, ასევე, მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ თვითონ ხალხიც მიხვდა პროტესტის ამ ფორმით ხელისუფლების გადაყენების შესაძლებლობის არარსებობას. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ოპოზიციას არანაირი სამოქმედო გეგმა არ გააჩნია ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში რომ დაეყრდნონ. 

   იქმნება შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის, ვინც მიტინგებზე დადის, იქ უბრალოდ გასართობადაც კი მიდის(!) მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი, ჩემი ნაცნობი, აქციებზე სიარულს კარგად გასართობ და, ბოდიშს ვიხდი ჟარგონისათვის, “საკაიფო” საშუალებადაც კი აღიქვამს და ასეთი დამოკიდებულების მქონე პიროვნება კიდევ ბევრია. 

  თითქოს აქციებზე მყოფი ხალხი არ არის განმსჭვალული ღრმა სურვილითა და იდეით, რომ ის ცვლილება, რომლის განხორციელებასაც ითხოვენ, ნამდვილად უნდათ ან ნამდვილად არის საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ყოველდღიური აქტივობა უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე არის. ალბათ, უახლოეს მომავალში მიტინგზე მომსვლელთა რაოდენობის შემცირებაა მოსალოდნელი. 

  საერთოდ, საქართველოსათვის დამახასიათებელია პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად შექმნა და ხელისუფლების განახლება რევოლუციის გზით. გარკვეულწილად, ასე ხდება ამჯერადაც, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა აშკარად შეინიშნება (სხვა საკითხია, რამდენად პერსპექტიულია იგი). Oპოზიციის ლიდერებია თითქოს ძალით ქმნიან იმ წინააღმდეგობრივ გარემოს, რაც ამჟამად არსებობს. მართალია, 26 მაისს მათ მართლა ბევრი ადამიანის მობილიზება მოახდინეს და გამოჩნდა, რომ პროტესტი გარკვეულ წრეებში მართლა არსებობს, მაგრამ ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებს სურთ გაიგონ რამდენი ადამიანია რაოდენობრივად ამ ყველაფრის - ამ აქციების, ცენტრალურ ქუჩებზე საკნების ჩამწკრივების, პრეზიდენტის გადადგომის წინააღმდეგი? Aნუ, ვინ დაითვალა, რამდენი ადამიანი არ გამოდის მიტინგებზე სწორედ იმ მიზეზით, რომ მას ამგვარი რადიკალური პროტესტის გრძნობა არ აქვს? ვის შეუძლია ამის დამტკიცებულად წარმოდგენა ამ პირობებში? და თუ ამ რაოდენობების ძალიან ძნელია და არ ვიცით მოსახლოების უმრავლესობის ზუსტი პოზიცია, მაშინ რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ რადიკალური ცვლილებებია საუკეთესო გამოსავალი? ყველა ამ მიზეზის გამო კი იქმნება გაურკვეველი სიტუაცია მათთვის, ვინ არ არის აჟიტირებული და უფრო გამშვიდებული განწყობით, ემოციების გარეშე ფიქრობს არსებულ რეალობაზე და მის შედეგებზე. 

   გარდა ამისა, ალბათ, მისაღები არ არის ოპოზიციის ლიდერების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც მართლაც რადიკალური და ზოგჯერ უსმართლოც კია. მაგალითად, ზუგდიდში ყოფნისას ლევან გაჩეჩილაძემ პირდაპირ უწოდა იქაურ მოსახლეობას მხდალი და ამით, შეურაცხყოფაც კი მიაყენა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. გამოდის, რომ ვინც მა თარ ემხრობა, საქართველოს მოქალაქე და მათი თანამემამულე არ არის. Mსგავსი წარმოდგენები და განწყობა კი ჯერ თვით პოლიტიკოსებისათვის და შემდეგ, საერთოდ, საზოგადოებისათვის დადებითი მოვლენა არ უნდა იყოს. ალბათ, ამ და სხვა ბევრმა ასეთმა გაუთვალისწინებელმა განცხადებებმა და გეგმის გარეშე ქცევებმა მოახდინა ცვლილება იმ ხალხში, ვინც 9 აპრილს დიდი ენთუზიაზმით გამოვიდა აქციაზე და შემდეგ თანდათან გაუქრა ეს გრძნობა.

   გამომდინარე ყველაფრიდან, უშედეგობიდან, ჩანს, რომ ეს საპროტესტო აქციები იმ მიზანს ვერ აღწევს, რისთვისაც დაიწყო. Aრც პრეზიდენტი აპირებს გადადგომას, ხელისუფლება მხოლოდ ამ ყბადაღებულია დიალოგის მოხრეა, რომლის გარკვეულ მცდელობაც უკვე იყო და რეზულტატის გარეშე დამთავრდა. თუმცა, რა დიალოგზეა საუბარი, როცა ორივე მხარე მტკიცედ დგას საკუთარ განსაზღვრულ პოზიციაზე და შეხედულების შეცვლას არ აპირებს? ამ მოვლენების გამო კი მხოლოდ უბრალო მოსახლეობა ზარალდება, რომელსაც უხდება ყველა იმ ცუდი შედეგის საკუთარ თავზე გადატანა, რაც პოლიტიკურ კრიზისს თან ახლავს თუ მოსდევს.

   მიმდინარე ტენდენცია გვიჩვენებს, რომ თუ საპროტესტო აქციები უფრო ორგანიზებულ, რედაქტირებულ, სახეს მიიღებს და კონკრეტული სამომავლო სამოქმედო გეგმით აღიჭურვება, უპირველეს ყოვლისა, შესაბამისი ლიდერების დამსახურებით, (რომელსაც წესით დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, თუმცა არა მესიის სახე მავანთა წარმოდგენებში), მაშინ კიდევ შეიძლება ვიფიქროთ სახელმწიფოსათვის სასიკეთო ცვლილებებზე.

Sunday, March 8, 2009

"პრიმერა დივიზიონი", 7 მარტი

"ბარსელონა" 6 ქულიანი სხვაობით ლიდერობს "ლა ლიგას", რადგან "რეალმა" 1:1 დათმო შეეხვედრა "ატლეტიკოსთან" მადრიდულ დერბიში. "ბარსელონამ" კი ბილბაოს "ატლეტიკი" დაამარცხა ანგარიშით 2:0. "ბილბაოს" კარში გამარჯვების გოლები სერხი ბუსკეტსმა თავით და ლიონელ მესიმ პენალტით შეაგდეს. ორივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა. “რეალის” 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა "ატლეტიკოსთან" თამაშში. ჯერ დიეგო ფორლანმა დააწინაურა თავისი გუნდი პირველ ტაიმში, შემდეგ კი “რეალელმა” ჰუნტელაარმა გაათანაბრა ანგარიში 57-ე წუთზე. “ბარსელონას” 63 ქულა დაუგროვდა, დარჩენილია 12 მატჩი. “ატლეტიკო” მე-5 ადგილზე რჩება 40 ქულით, მას უსწრებენ “რეალი” (57ქ), “სევილია” (47ქ) და “ვილიარეალი” (45ქ).  

Tuesday, March 3, 2009

სერხი ბუსკეტსი

პერსონალური ინფორმაცია
სრული სახელი: სერხიო ბესკეტს ბურგოსი;
დაბადების თარიღი: 16-07-1988;
დაბადების ადგილი: საბადელი, ესპანეთი;
ამპლუა: უკანდახეული ნახევარმცველი;
სიმაღლე: 189 სმ;
წონა: 73 კგ;
მიმდინარე კლუბი: “ბარსელონა”;
ნომერი: 28.


  სერხი ბუსკეტსი დაიბადა 1988 წლის 16 ივლისს, საბადელში. ის არის ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს “ბარსელონაში” უკანდახეულ ნახევარმცველად. სერხი ბუსკეტსი არის ყოფილი ფეხბურთელის, კარლეს ბუსკეტსის ვაჟი, რომელიც თამაშობდა გოლკიპერის პოზიციაზე “ბარსელონაში” 1990-იანი წლების მანძილზე. 

საკლუბო კარიერა
2003-2004 წლებში ბუსკეტსი შეუერთდა “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის რიგებს. 2006-07 წლებში 26 მატჩში გაიტანა 7 გოლი.
2007-08 წლებში მან კარიერაში განიცადა წინსვლა გადავიდა რა “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში (“FC Barcelona Atlètic”) ხოსეპ გუარდიოლას მწვრთნელობის დროს და დაეხმარა გუნდს გადმოსულიყო “სეგუნდა დივიზიონ ბე”-ში (ესპანეთის საფეხბურთო ლიგის სისტემის მესამე დონე), სტადიონზე 23-ჯერ გამოჩნდა და 2 გოლი გაიტანა. 
2008 წლის 13 სექტემბერს მან ჩაატარა თავისი პირველი მატჩი “ლა ლიგაში”, “ბარსას” საშინაო არენაზე 90 წუთის მანძილზე იბრძოლა სანტანდერის “რასინგის” წინააღმდეგ (1:1). ბუსკეტსმა დაიწყო რეგულარული თამაში სასტარტო თერთმეტეულში, ძირითადად, იაია ტურესა და სეიდუ კეიტას ნაცვლად. 2008 წლის 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასა” და “ბაზელს” შორის მატჩის დროს, “სენტ ჯეიკობ-პარკზე”, სერხიმ გაიტანა მეორე გოლი 5:0 საბოლოო გამარჯვებით.  
დეკემბრის დასაწყისში მან გაიტანა თავისი მეორე გოლი “ბარსას” შემადგენლობაში ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც კატალონიურმა კლუბმა შინ 2:3 წააგო დონეტსკის “შახტარის” წინააღმდეგ გამოსვლისას. ბუსკეტსმა აგრძელებს კონტრაქტს ბარსელონასთან 2013 წლამდე 80 მილიონ ევროდ გაყიდვის წინადადებით. 

საერთაშორისო კარიერა

2008 წლის 11 ოქტომბერს, უეფას 2009 წლის ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფლეიოფებზე ბუსკეტსმა შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ მე-17 წუთზე გოლი გაიტანა. თუმცა ესპანეთმა 2-1 წააგო ის თამაში, ორი მატჩის ჯამში 4-3 გაიმარჯვა. 2009 წლის 6 თებერვალს ბუსკეტსი გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური მატჩისათვის ინგლისის წინააღმდეგ (11 თებერვალი).

პროფილი

სერხი ბუსკეტსი არის მეტად სრულყოფილი შესაძლებლობების მქონე ნახევარმცველი, რომელიც ცნობილია თავისი მიხვედრილობით მინდორზე. ის კარგად არკვევს თავის ადგილს სტადიონზე და შესანიშნავად “კითხულობს” თამაშს. ბუსკეტსი მატებს დაცულობას გუნდს, არაჩვეულებრივად აწვდის რა ბურთს თანაგუნდელს და ასევე მყარია დაცვითი მოვალეობების შესრულებისას. ის არის მრავალმხრივი მოთამაშე. ბუსკეტსის ტაქტიკური ცოდნა და სიმაღლე (თითქმის 190 სმ) იმაზე მეტყველებს, რომ ჩვეული, ნახევარმცველის პოზიციის მიუხედავად, მას ასევე შეუძლია ითამაშოს ცენტრში უკან და ცენტრში წინ.


Saturday, January 17, 2009

“პაპსადან” ღირებულ მუსიკამდე

   საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ე.წ. “პაპსა” მუსიკა ისეთი ტიპის მუსიკა იყო, რომლის მოსმენა არაფრით შეიძლებოდა, სანამ ერთი მუსიკოსი მეგობრისაგან არ შევიტყვე, რომ ჯგუფN”Nirvana”-ს სიმღერას “Smells Like Teen Spirit”-ს “პაპსას პონტში” უსმენდა. მაინც რა არის “პაპსა” მუსიკა? ვინ დაადგინა, რომ იგი ღირებული, ნამდვილი მუსიკის ანტონიმია?  
   

   ჩვეულებრივი პოპი შესაშური სისწრაფით ხდება მასების გემოვნების შესაბამისი, საყოველთაო ბუნებას იძენს და მას “ინტელექტუალ” მუსიკისმოყვარულთა თვალში (თუ ყურში) ფასი არ აქვს. 
   მასკულტურაც რაღაც თავისებური ხელოვნებაა.
   როკი უდავოდ უფრო ნაკლებად შეიძლება იქნეს აღქმული კვდომად მუსიკად, ვიდრე პოპი. ამის დადასტურება ბევრი ფაქტით შეიძლება – მაგალითად, დღეს აღარავის ახსოვს ბრიტნი სპირსის ერთ დრო მუსიკალური ჩარტების ლიდერი სიმღერა “Overprotected” ან რიანას “Umbrella”, როცა ნამდვილ მელომანებს “Led Zeppelin”–ის 37 წლის წინ დაწერილი “Stairway To Heaven” ახსოვთ და “Deep Purple”-ს მიერ 38 წლის წინ შექმნილ კომპოზიციას “Child In Time”-ს უსმენენ... 
   რატომღაც არსებობს ასეთი “ტრადიცია”, რომ როცა სიმღერა საკმაოდ “მოძველდება” და “გაიცვითება”, ხშირად გაიგონებთ მის დასახასიათებლად ტერმინებს - “გაბანძდა და აღარ მევასებაო”. ეს კი მაშინ ხდება, როცა თუ მუსიკა ნამდვილად ფასეულია და შედევრს წარმოადგენს, მასზე იგივე არავინ და არასოდეს უნდა თქვას. შეიძლება ითქვას, რომ როკის მიმდინარეობებში მასკულტურული მუსიკა აშკარად უფრო ნაკლებადაა (რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ კომერციაზე გათვლილ ავრილ ლავინს, “Tokio Hotel”-ს თუ სხვა “როკ” ბენდებს). 
   პაპსა ყოველთვის არ შეიძლება ნიშნავდეს არასახარბიელო მიმართულებით წასულ მუსიკას. გაპაპსავებული პოპი უკვე მასკულტურაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ “Guns N’ Roses”-ის “November Rain”-ის ან “Nirvana”-ს “Smells Like Teen Spirit”- ის მსგავსი სიმღერები იქცევა პაპსად, ეს უკვე მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს მათი შემქმნელებისათვის. “November Rain”, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, მართლაც პაპსაა, “Guns N’ Roses” – ის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა უპირველესი) კომპოზიციაა. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ, არსებობს კარგი და ცუდი პაპსაც, არსებობენ პაპსა სიმღერები და არსებობენ პაპსა შემსრულებლები. იგივე “Guns N’ Roses”-ს სხვა უამრავი სიმღერა აქვს, რომლებითაც არც არავინ ინტერესდება (ვგულისხმობ თუნდაც პოპის ამტაცებელ მუსიკის მოყვარულებს) და რომელთა მოსმენაც მართლაც რომ უდიდესი სიამოვნებაა (“Civil War”, “Estranged”, “14 Years”, “So Fine”, “My Michelle” თუ მრავალი სხვა)... სამი სიმღერაა, რომელთა სახელებიც ყველამ იცის – “November Rain”, “Don’t Cry”, “Knockin’ On Heaven’s Door”. თუ ეს სიმღერები მასკულტურაა, მიუხედავად იმისა, ისინი არ წარმოადგენენ იმ ტრადიციული გაგების მქონე პაპსას, როგორსაც მადონა თუ ჯასტინ ტიმბერლეიკი. Aარამედ, ეს რაღაც სხვაა...
   ალბათ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კლასიკური გაგების მქონე “გაპოპკულტურებულ” სიმღერებს შეიძლება მოუსმინო ერთხელ, ორჯერ, მაგრამ დგება დრო, როცა მისი კიდევ მოსმენა აღარ გინდება, იმდენად იგივეა, იმდენად ერთ ადგილზე გაჩერებულის შთაბეჭდილებას ქმნის და ალბათ ასეცაა. ამ დროს კი... ვუსმენთ “Metallica”-ის “Unforgiven”-ს, “Iron Maiden”-ის “Journeyman”-ს, “Rinbow”-ის “I surrender”-ს და არანაირი გაყინულობის განცდა, ისევე გვანიჭებს სიამოვნებას, როგორც პირველი მოსმენისას... 
   ალბათ, ზედმეტი არ იქნება, თუ გავიმეორებ, რომ როკშიც არიან წმინდა პაპსა შემსრულებლები – “Tokio Hotel”, “Green Day”, ავრილ ლავინი და სხვა. ისინი მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე კი გამოდიან, მაგრამ საკუთარ ინდივიდუალურ სახეს ვერ ქმნიან. ავრილ ლავინი, რომელიც თავის დროზე ბრიტნი სპირსს ლანძღავდა მისი “სექს-თოჯინური” იმიჯის გამო, უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით “გალაითდა” და თვითონაც სწორედ რომ “სექს-თოჯინას” დაემსგავსა. ეს ყველაფერი კარგად ჩანს მის კლიპებშიც და თვით სიმღერებშიც.
   მეტად საინტერესო ჯგუფია ბრიტანული ბენდი “Placebo”, რომელიც ერთი შეხედვით პაპსას მოგაგონებთ, განსაკუთრებით სიმღერით “Meds”, მაგრამ თუ დააკვირდებით, აღმოჩნდება, რომ მეტი სიმღერა მათი შესრულებით არც გაგიგიათ. მათი ყველა სიმღერის სტილი მეტად განსხვავებულია – ერთმანეთში გადადის ალტენატივა, პოსტ პანკ რევივალი და ინდი როკის ჟღერადობები. თუმცა ამ ჯგუფმა ნამდვილად შეძლო შეექმნა საკუთარი ინდივიდუალური სტილი და ყოველთვის შენარჩუნებული აქვს სპეციფიკური შესრულების მანერა (“Pure Morning”, “Nancy Boy”, “I Know”, “Soulmates” და სხვა.). “Placebo” ამოუცნობი ჯგუფია, კარგი ტექსტები აქვს, მუსიკაში განლაგება - სწორი, ყველაფერი ზედმეტი და არასაჭირო მოშორებულია, ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ალტერნატიული მინიმალიზმია.
   უნდა აღვნიშნოთ, რომ პოპი ყველა კონტექტსში პაპსა არ შეიძლება იყოს, გარდა ამისა, ალბათ, არსებობს ღირებული პროდუქცია პოპის ელემენტებით, მაგალითად ჯგუფ “My Chemical Romance”-ს სიმღერა “Welcome To The Black Parade” თუ “Kill Hannah”-ის “Cenedy” ან “Race The Dream”.
   ავრილ ლავინიც და ზემოთაღნიშნული “Placebo”-ც ჩვენი თანამედროვეობის შემსრულებლები არიან, მაგრამ სანამ პირველი მათგანი ბიჭს უმღერის - “არ მომწონს შენი მეგობარი გოგონა, ჩამოიშორე ის და მე ამირჩიეო”, ამასობაში “Placebo” მღერის – “A friend in needs a friend indeed” და “I was alone, Falling free, Trying my best not to forget”. ერთი შეხედვით ჩანს, რომელია უფრო ფასეული.
   ზოგი რატომღაც ცალ-ცალკე გამოყოფს როკს, რეპს და პაპსას. რეპის მოყვარულები როკს მხოლოდ ყვირილს უწოდებენ, რასაც მოჰყვება როკის მსმენელების არგუმენტი – რეპი მხოლოდ ლაპარაკიაო, მაშინ პაპსა რაღა გამოდის? ამ გზას ისევ ბრიტნი სპირსამდე და ბეიონსემდე მივყავართ... 
   საინტერესოა, შეუძლია თუ არა მასკულტურას ფასეული ხელოვნების განადგურება? ერთგან ცნობილი ლიტველი პოეტის, ტომას ვენცლოვას მოსაზრება წავიკითხე ამ საკითხის შესახებ (და მას აბსოლუტურად ვეთანხმები), რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: – მასობრივ და ნამდვილ კულტურას შორის ალბათ უნდა იყოს კიდეც გარკვეული ტიპის დაძაბულობა. მასობრივი კულტურა რაღაცას ართმევს ფასეულ ხელოვნებას და მაქსიმალურად უბრალოს ხდის მას, ღირებული ხელოვნება კი, პირიქით, მასობრივი კულტურისაგან აღებულს აკეთილშობილებს. 
   მასკულტურა, პაპსა არის ის მუსიკა, რასაც ხალხი, მასა აიტაცებს, "ჩაიხუტებს", მოიწონებს, მაგრამ, დადგება დრო, როცა მობეზრდება და თავიდან მოიშორებს არგუმენტით "გაბანძდაო"... მიზეზი ორიდან ერთია - მსმენელის მერყევი მუსიკალური გემოვნება ან თვით სიმღერის არასაიმედო "სამუდამოობის" პერსპექტივა.
   საერთოდ კი ალბათ სისულელეა მთელი ამ ისტერიული ტენდენციების არსებობა იმის თაობაზე, რომ დავამდაბლოთ ის, ვინც მასკულტურის მომხმარებელია. მთავარია ადამიანმა შინაგანად გაიგოს რა უნდა, რა მოსწონს და შესაბამის მუსიკასაც მოუსმინოს. მთავარია ეს არ იყოს მხოლოდ მოდას აყოლითა და რაიმე გაუაზრებელი გავლენებით გამოწვეული.

Thursday, January 15, 2009

“პიკასოს ბიჭები” თსუ-ში

  15 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა “პიკასოს ბიჭების” ახალ თაობასთან. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრი. დასაწყისში სწორედ ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას “პიკასოს ბიჭები” და მათი ხელმძღვანელი გია ტაბიძე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობდნენ, ერთის მხრივ, “პიკასოს ბიჭები” და, მეორეს მხრივ, აუდიტორია. გია ტაბიძემ მოკლედ ისაუბრა “პიკასოს ბიჭების” ჩამოყალიბები ისტორიაზე და მათი ახალი თაობის წარმომადგენლების შესარჩევად განვლილ გზაზე. როგორც აღმოჩნდა, მათ მოღვაწეობას ერთი წელი ახლახან შეუსრულდა. შემდეგ დაიწყო თვით კონცერტი, თუმცა თსუ-ს მე-8 კორპუსში გამართული ღონისძიება არ იყო სრული კონცერტი, არამედ, როგორც გია ტაბიძემ აღნიშნა, ნომრების ანონსი. “პიკასოს ბიჭები” საზოგადოებას დაპირდნენ, რომ ახლო მომავალში ისინი სრულფასოვან საკონცერტო წარმოდგენებს გამართავენ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, თსუ-შიც. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარემ, დიანა ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს დასწრებისათვის და “პიკასოს ბიჭებს” სასიამოვნო ღონისძიების მოწყობისათვის.

თამაზ ბიბილურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თსუ-ში

   12 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და პროზაიკოსის - თამაზ ბიბილურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიება მოეწყო თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ, რომლებსაც, თავის მხრივ, ხელმძღვანელობდა თსუ-ს პროფესორი მაიკო კვეზერელი. თავდაპირველად სტუდენტებმა სტუმრებს მოკლედ გააცნეს თამაზ ბიბილურის ბიოგრაფიული და შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ცნობები, წაიკითხეს ნაწვეტები მისი ნაშრომებიდან. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თამაზ ბიბლურის მეუღლე, მეგობრები თუ თანამშრომლები: ჯანსუღ ჩარკვიანი, როსტომ ჩხეიძე, გოჩა ხუნდაძე, დიანა ტყებუჩავა, ელენე კოშორიძე, ნოდარ ებრალიძე თუ სხვანი, რომელთაც რამდენიმე სიტყვით გაიხსენეს ქართველი მოღვაწე და მასთან გატარებული წლები. ღოგორც სტუდენტებმა განაცხადეს, საღამოს მოწყობის მიზანი იყო თამაზ ბიბილური შემოქმედების უფრო ფართო მასებისათვის გაცნობის მცდელობა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საღამოს დასრულებისას შეეძინათ თამაზ ბიბილურის წიგნი. ღონისძიების შემდეგ გაიმართა თამაზ ბიბილურის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით შექმნილი დოკუმენტური ფილმის “თედოს” ჩვენება.  

Monday, January 12, 2009

“რუსთავი 2-სა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო პოლიტიკა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” დაარსდა 1994 წელს. იგი არის კერძო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს მეტრულ არხზე და, შესაბამისად, მოსახლეობის 85%-ს აქვს მისთვის თავლყურის დევნების საშუალება. “რუსთავი 2” ეთერში დღეში შვიდჯერ გადის საინფორმაციო გადაცემა “კურიერი”, რომელიც აშუქებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს. საღამოს 9 საათზე, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ხდება დღის ამბების შეჯამება. Iგი საქართველოში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ოპერატიულ და წარმატებულ საინფორმაციო პროგრამას წარმოადგენს. 
  როგორც აღინიშნა, ამ გადაცემის სახელწოდებაა “კურიერი”, რასაც რასაკვირველია, თავისი დატვირთვა აქვს. სიტყვა “კურიერი” ნიშნავს ადამიანს, რომელმაც ,ასალა დანიშნულების ადგილამდე უნდა მიიტანოს. “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებას სრულიად ადეკვატურად ჰქვია “კურიერი”, რადგან იგი ინფორმაციის აუდიტორიამდე მიტანას გულისხმობს.
  “კურიერის” მთავარი გამოშვება, როგორც წესი, იწყება საღამოს 9 საათზე, ანუ გააჩნია მუდმივი დრო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ყოფილა შემთხევა, როცა იგი 8 ან 10 საათზე დაწყებულა (მაგალითად, საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი საკვალიფიკაციო მატჩის დროს ან პრეზიდენტის მნიშვნელოვანი გამოსვლის გამო). ის ფაქტი, რომ იგი ტრადიციულად ერთსა და იმავე დროს გადის ეთერში, მიუთითებს, რომ “კურიერი” რეიტინგული გადაცემაა.
  “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “I არხის” ეთერში კი ყოველ დღე 12:00, 16:00, 20:00 საათზე გადის საინფორმაციო გადაცემა “მოამბე”, რომელიც ტელემაყურებელს აწვდის ინფორმაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მთავარი მოვლენების შესახებ. დილიდან გვიან ღამემდე ეთერში ყოველდღიურად "მოამბის“ რამდენიმე გამოშვება გადის, მათ შორის 20.00 საათზე, პრაიმ-თაიმში გადაიცემა “მოამბის” დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება.
  რაც შეეხება საინფორმაციო პროგრამის ხანგრძლივობას, “კურიერის” შემთხვევაში იგი თითქმის არასოდეს არის მუდმივი. 21:00 საათზე დაწყებული გადაცემა ხან 22:00-ზე, ზოგჯერ 22:25-ზე, 22:45-ზე, 22:33-ზე თუ 23:29-ზეც კი დასრულებულა. სხვადასხვა გამოშვების განსხვავებულ დროს დასრულება განპირობებული იყო კონკრეტული ინფორმაციების სიმრავლით ან ერთ რომელიმე ნიუსზე ყურადღების გამახვილებით. “კურიერის” მსვლელობის ხანგრძლივობაზე მოქმედებს რეკლამების სიმრავლეც. თითქმის ყოველთვის პროგრამაში არის სამი სარეკლამო გაჭრა.
  “მოამბის” შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, რადგან მისი მსვლელობისას ეთერში რეკლამა არ გადის (საზოგადოებრივი მაუწყებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე). იგი დაახლოებით ერთი საათის მანძილზე გადის პირდაპირ ეთერში.
  “კურიერიც” და “მოამბეც” არის პოლითემური გადაცემებია, რადგან მიმდინარეობისას ისინი არ ეხებიან მხოლოდ რომელიმე ერთ თემას, არამედ მოგვითხრობენ სხვადასხვა ტიპის ახალ ამბებს. 
  მათში არის როგორც მონოლოგური, ისე დიალოგური ჟანრები. გადაცემის მსვლელობა მონოლოგურია, როცა წამყვანები უშუალოდ მაყურებელს მიმართავენ. დიალოგურ ჟანრებს ადგილი აქვთ მაშინ, როცა სტუდიაში პირდაპირ ეთერში რთავენ რეპორტიორს ან მოწვეულ სტუმრებს, რომელთაც წამყვანები უსვამენ კითხვებს და წარიმართება დიალოგი. 
  საინფორმაციო პროგრამებში მრავლად გვხვდება ოფიციალური, ტრადიციული ფორმის სიუჟეტები, რომელბიც აღწერენ პარლამენტის სხდომას, პრესკონფერენციებს თუ ბრიფინგებს. ასეთ სიუჟეტებს შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე, მაგალითად, არჩევნების დროს პრეზიდენტების კანდიდატების ამომრჩევლებთან შეხვედრის კადრები, რომლებიც “კურიერში” წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად შუქდებოდა. ზოგჯერ ეს მასალა საპარლამენტო სხდომების მსგავსად გადაღებული იყო საერთო ხედით და ოპერატორი არ საჭიროებდა ჟურნალისტის მითითებებს.
  “კურიერშიც” და “მოამბეშიც” ყველაზე ხშირია რეპორტაჟის ტიპის ვიდეოსიუჟეტები. 
  ანალიტიკური პუბლიცისტიკის ჟანრებიდან “კურიერშიც” და “მოამბეშიც” ფართოდ გვხვდება კომენტარი, რომელიც ახლავს თითქმის ყველა ახალ ამბავს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუ ვისგან ხდება კომენტარის მიღება.  
  გეოგრაფიული მრავალფეროვნება ორივე გადაცემაშია წარმოდგენილი. მაგალითად, ქართულ-ამერიკული ქარტიის გაფორმების დროს “კურიერსაც” და “მოამბესაც” ჰქონდათ ჩართვები და რეპორტაჟები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე რეპორტაჟები მზადდება საქართველოსა თუ მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან და სხვ.  
  “რუსთავი 2”-ისა და “მოამბის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში წარმოდგენილია ინტერვიუც, მათ შორის ექსკლუზიური ინტერვიუებიც. “კურიერში” გადმოცემული ინფორმაციების აბსოლუტური უმრავლესობა არის ახალი და ოპერატიული, თუმცა აქვე გვხვდება ე.წ. “სათადარიგო” მასალაც, ძირითადად, კულტურის თემაზე. თუმცა, ასეთი ტიპის მასალებით გადაცემა გადატვირთული არ არის, პირიქით, პროგრამის ბოლოს მაყურებელს განტვირთვის საშუალებას აძლევს. 
  “კურიერისა” და “მოამბის” აგებულების ტიპი არის გადაბრუნებული პირამიდა, რადგან იგი იწყება უმნიშვნელოვანესი ინფორმაციით და შემდეგ, გადაცემის მსვლელობისას გადმოცემული ნიუსების ხასიათი აქტუალობის მიხედვით მცირდება. თავდაპირველი ინფორმაციები, ძირითადად, პოლიტიკური ხასიათისაა და არსებული მომენტისათვის უაქტუალურეს თემებს ეხება. ალბათ გამართლებულია გადაცემის ყველაზე საინტერესო და საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხით დაწყება, ვიდრე გარკვეული ჩარჩოებით შემოსაზღვრა. “კურიერიც” და “მოამბეც” ამ მხრივ მეტად სწორი გზით აშუქებებენ მოვლენებს. საზოგაგოდ კი, ტენდენციების მიხედვით, “კურიერსა” და “მოამბეში” მთავარ სიახლეებად გამოტანილია პოლიტიკური ამბები და გადაცემის დროის უმეტესი ნაწილიც სწორედ ამ საკითხების გაშუქებას ხმარდება. “მოამბეში” კულტურისა და სპორტის სიახლეებს სხვა წამყვანები გვამცნობენ (“კურიერში” მხოლოდ სპორტის თემაზეა სხვა წამყვანი), თუმცა, მათ აშკარად შედარებით უფრო ნაკლები დრო აქვთ დათმობილი და შეიძლება ითქვას არც მთლად ამომწურავ ინფრომაციას გვაწვდიან. 
  შეიძლება ითქვას, რომ “კურიერი” დაყოფილია სამ ნაწილად. Yოველი ნაწილი იწყება სარეკლამო გაჭრის შემდეგ. უკანასკნელი ხანების ტენდენციის მიხედვით, რეკლამები დაახლოებით 5-წუთიანია, მაშინ როცა წინა ხანებში 10 და 20-წუთიანი გაჭრებიც კი გვხვდებოდა, რაც, ცოტა არ იყოს, მომაბეზრებელიც კი იყო. რეკლამების ასეთი გადანაწილებაც არ არის აბსოლუტურად მუდმივი, ზოგჯერ მათი რაოდენობა ორიც შეიძლება იყოს. ეს კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ “კურიერის” ბლოკებად დაყოფა მაინც უფრო პირობითია, თუმცა ჩანს განსხვავება მათ შორის, პირველი ნაწილი აღგვიწერს პოლიტიკის, ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მეორეში უფრო ნაკლებად აქტუალური ინფორმაციაა გადმოცემული, მესამე ნაწილი კი მოგვითხრობს სპორტისა და კულტურის სიახლეებს და ამინდის პროგნოზს. თითქმის იგივე მდგომარეობაა “საზოგადოებრივ მაუწყებელზეც”, ოღონდ, როგორც აღვნიშნეთ, იმ განსხვავებით, რომ აქ რეკლამა საერთოდ არ გვხვდება. 
  “კურიერშიც” და “მოამბეშიც” რეჟისორული ესთეთიკა საკმაოდ კარგადაა გამოყენებული და წარმართული. რეპორტაჟებისა და სტუდიური ჩართვების დროს ხმა კარგად და მკაფიოდ აღწევს მაყურებლამდე (განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა). Oრივე შემთხვევაში სტუდიები გაფორმებულია სათანადო ფერებით (ლურჯი და მუქი წითელი “კურიერში”, ცისფერი, ლურჯი, იასამნისფერი “მოამბეში”), რაც კომბინაციაში ალამაზებს სტუდიერ ანტურაჟს. 
  ორივე საინფორმაციო გამოშვებას წინ უსწრებს კადრები, რომლებშიც ნაჩვენები არიან ჟურნალისტები და ნაწყვეტები მათი რეპორტაჟებიდან. შემდეგ ჩანს საათი, რომელიც თანდათან უახლოვდება სრულ საათს და პროგრამებიც იწყება. “კურიერის” ქუდის მუსიკა “მოამბის” მუსიკასთან შედარებით უკეთესია. თავდაპირველად წამყვანები წარმოადგენენ საკუთარ თავს და იწყებენ გამოსვლას ინფორმაციათა გადაცემით. 
  როცა “კურიერსა” და “მოამბეში” ხდება პირდაპირი ჩართვა, კადრი იყოფა და ჩანს სტუდიაც და ჩართული ჟურნალისტიც. სტუდიაში გადაღებისას წამყვანები ჩანან ორი ხედით – ახლო და მსხვილი ხედით. ჭამყვანები ნიუსების გადმოცემისას კითხულობენ მათ მიერვე დაწერილ ტექსტებს.
  ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს დღის განმავლობაში “კურიერის” ჟურნალისტებთან ერთად ირაკლი მაისურაძე (“კურიერის” წამყვანი 2008 წლიდან) და ქეთი კვაჭანტირაძე (”კურიერის” წამყვანი 2007 წლიდან) წარმოადგენენ, საღამოს 9 საათზე კი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დღის ამბებს ზაალ უდუმაშვილი (9- და 6-საათიანი “კურიერის” წამყვანი 2003 წლიდან) და დიანა ჯოჯუა (“კურიერის” 9- და 6-საათიანი გამოშვებების წამყვანი 2006 წლიდან) აჯამებენ, ისინი მონაცვლეობით აწვდიან აუდიტორიას ნიუსებს. “კურიერის” 9 საათის გამოშვებაში მაყურებელს სპორტის სიახლეებს აცნობს დიმიტრი ობოლაძე (კურიერის სპორტული ჟურნალისტი და წამყვანი 1995 წლიდან).
  რაც შეეხება “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, აქ “მოამბის” მთავარი გამოშვების წამყვანები არიან ლევან ჯავახიშვილი, მარიამ ვაშაძე, ლიზა წიკლაური (“მოამბის” კულტურის სფეროს წამყვანი), ზურაბ ყაველაშვილი („მოამბის“ სპორტის ამბების წამყვანი), ნინო თოლორდა, ანა კეკელია, ნიკოლოზ ბერაძე. მთავარ გამოშვებაში ყოველდღიურად სტუდიიდან სამი წამყვანი გადმოგვცემს ამბებს სხვადასხვა სფეროში მომხდარი სიახლეების შესახებ. 
  გარდა ქართულენოვანი “მოამბისა”, ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 14.30 საათზე პირველი არხის ეთერში გადაიცემა ნაციონალური “მოამბე” აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. 
ნაციონალური “მოამბეც” ასევე აშუქებს საქართველოში თუ საზღვარგარეთ მომხდარ ახალ ამბებს. ეს ალბათ დადებითი მოვლენაა. როგორც თვითონ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” მიაჩნია, “ნაციონალური მოამბის” არსებობის გამო “უმცირესობების წარმომადგენლები აღარ არიან პასიური მაყურებლები - თავად საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე”. “ნაციონალური მოამბის” წამყვანები არიან: ლევან ძნელაძე (რუსულენოვანი ნაციონალური “მოამბის” წამყვანი 2004 წლიდან), ვიქტორია კონოვალოვა (რუსულენოვანი “მოამბის” წამყვანი 2004 წლიდან), ედგარ ბარსეღიანი (სომხურენოვანი “მოამბის” წამყვანი 2004 წლიდან), არაზი მაშოვი (აზერბაიჯანულენოვანი “მოამბის” წამყვანი 2004 წლიდან), ალანა გაგლოევა (ოსურენოვანი “მოამბის” წამყვანი 2004 წლიდან), ვაჟა ფუხაევი (ნაციონალური „მოამბის“ წამყვანი 2005 წლიდან), ლეილა ავიძბა (აფხაზურენოვანი “მოამბის” წამყვანი 2004 წლიდან). რაც შეეხება “რუსთავი 2-ს”, ამ არხზე მსგავსი ტიპის პროექტი არ გვხვდება.
  “კურიერსა” და “მოამბეში” გადმოცემული სიახლეები ყოველთვის გამოირჩევა ოპერატიულობით. ნიუსები ისეთი სახითაა დალაგებული და დამონტაჟებული, რაც ხელს შეუწყობს ტელემაყურებლის მიერ ინფორმაციის უკეთ აღქმას. “კურიერში” გვხვდება ზოგიერთი მნიშვნელოვანი სიუჟეტის ან კომენტარის გამეორება, რომელიც გადაცემის წინა ნაწილში შესაძლოა უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი. ამით კი ხდება საზოგადოების ყურადღების გამახვილება რაიმე საჭირო მოვლენაზე, რათა მას გაუადვილდეს საკუთარი დასკვნების გამოტანა.