Tuesday, November 11, 2008

პოლიტიკური საკითხების გაშუქება გაზეთ “ასავალ დასავალში”

ყველა ადამიანის უფლებაა ფლობდეს ოპერატიულ, ზუსტ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას, ხოლო, თავის მხრივ, ჟურნალისტი ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს აუდიტორიის ინტერესების შესაბამისი მიუკერძოებელი შეტყობინება. ამ ვალდებულების შესრულებისას კი ყველა ჟურნალისტმა, რომელიც პროფესიონალობაზე დებს თავს, უნდა დაიცვას პროფესიული სტანდარტით დადგენილი წესები და ეთიკური ნორმები. ჟურნალისტიკა განსაკუთრებული სოციალური ინსტიტუტია, რომლის საქმიანობაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათისაა. იგი ღრმად იჭრება ცხოვრების ყველა სფეროში, ყველა რეალურ პროცესში. დასავლური სტანდარტების მიხედვით, გაზეთებს უნდა გააჩნდეთ ისეთი თვისებები, რაც აუცილებელია პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვისათვის, რომელიც არსებობს არა კომერციული მიზნებისათვის, არამედ შექმნილია რაიმე მოღვაწეობით დაინტერესებული ადამიანების მიერ. ამაში იგულისხმება მკვეთრად გამოხატული მიმართულება, მასალის მრავალფეროვნება და მისი შემეცნებითი ხასიათი, თანამედროვეობის გრძნობა, კრიტიკის განყოფილების კორექტულობა, მკითხველთან მრავლისმომცველი, ცოცხალი, საინტერესო ლაპარაკის უნარი. ხოლო თუ მათ ძებნას დავიწყებთ, მაგალითად, ქართულ პრესაში, არაერთგვაროვან შედეგს მივიღებთ. მაგალითად, გაზეთ “ასავალ დასავალის” გარეკანზევე მითითებულია, რომ იგი არის “დამოუკიდებელი და ზეპარტიული გაზეთი”, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში გამოქვეყნებული ცნობები თუ სტატიები მიუკერძოებელი ხასიათისა უნდა იყოს.
ეს გაზეთი თითქმის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ხასიათისაა და მასში განხილული ერთადერთი თემა პოლიტიკაა. მართალია, “ასავალ დასავლში” გვხვდება ისეთი დასახელების რუბრიკები, როგორიცაა “კინოს მოყვარულთათვის”, “თეატრები”, “გამოფენები”, “მისტიკა”, მაგრამ ისინი მხოლოდ ცალკეულ ნომრებშია აქა-იქ გაბნეული და თანაც მათი რაოდენობა ზღვა პოლიტიკურ მასალასთან შედარებით იმდენად მცირეა, რომ საერთოდ გაუგებარია, მკვეთრად გამოხატული მიმართულების (პოლიტიკის სფერო) მქონე გაზეთში ამ ტიპის მასალებს რაღა უნდათ. ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, ახალი ამბები ყოველმხრივი და პროპორციული უნდა იყოს, რაც შეეხება “ასავალ დასავლის” პოლიტიკურ თემატიკას, მათი წაკითხვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი აშკარად ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული პერიოდული გამოცემაა. ახალი ამბების გადმოცემისას ბევრი ნიუანსი უნდა იყოს გათვალისწინებული: კარგი სათაური, იდეალური ლიდი, სტატიაში მინიმუმ სამი წყაროს დამოწმება (დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები და ნეიტრალური ექსპერტი), დაზუსტებული და გადამოწმებული ფაქტები, მეტად მნიშვნელოვანია შეტყობინების სიახლე და ოპერატიულობა, თუმცა თუ პუბლიცისტური მასალაა გამოქვეყნებული, იგი ახლებური კონტექსტით უნდა იქნეს წარმოჩენილი.
“ასავალ დასავალის” 25 თებერვალი – 2 მარტის ნომრის სტატიაში “გუშინ ზვიადი დაკრძალეს! ხვალ ბადრის დაკრძალავენ!” გამოყენებულია წარსულში მომხდარი ფაქტი, მაგრამ იგი არ არის ახლებური კუთხით გააზრებული. მასში გადმოცემულია მშრალი ფაქტები, რომ გარდაიცვალნენ ზვიად გამსახურდია და ბადრი პატარკაციშვილი, ხოლო დანარჩენი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტის მოსაზრებებს მოიცავს (სტატია არ აწერია, რომ იგი არის “ედითორიალი”). ეს სტატია სიახლის მოყვარული აუდიტორიისთვის არ იქნებოდა საინტერესო მისი პათეტიკური, დაუბალანსებელი ბუნების გამო. ჟურნალისტურ სტანდარტებთან შეუთავსებელია თუნდაც ერთი წყაროს არარსებობაც კი. ასეთი ნაშრომი კი თავისთავად ვერ იქნება ცოდნისა და ორიენტაციის მიმცემი საზოგადოებისათვის.
“ასავალ დასავალს” არ გააჩნია კონკრეტული რუბრიკები, რომლებიც მის ყოველ ნომერში იქნება მრავალმხრივად წარმოდგენილი. თითოეულ ნომერში იკვეთება რუბრიკების სრულიად განსხვავებული სათაურები. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა არის ერთადერთი რუბრიკა, რომელსაც მოცემული აქვს ხოლმე “ქვერუბრიკები”: “ხელისუფლების გასაგონად”, “ბიოენერგოკორექტორის თვალსაზრისი”, “გატაცებით გატაცებულები”, “ისევ გამოაჩინეს”, “ერთხელ, ზაპოროჟიეში”, “мышь-ამ თხარა, თხარაო...”, “რა უთქვამს, რა მოუჩმახავს!”, “თქვენ – ზამთრის ოლიმპიადა, ჩვენ – აფხაზეთი...” და მრავალი სხვა, რომელიც არის მეტად ბუნდოვანი და გაურკვეველი შინაარსის. საბოლოოდ, მათ ყველას პოლიტიკურ გარჩევებამდე მივყავართ (ძნელი სათქმელია, რამდენად ობიექტურად). 10 – 16 მარტის ნომერში ელიზბარ ჯაველიძესთან ინტერვიუში წინ წამძღვარებულ ლიდში ჩანს ავტორის მკვეთრად გამოხატული მოსაზრება და საკუთარი ვარაუდების გამოთქმა. ჟურნალისტის მიერ ელიზბარ ჯაველიძე დახასიათებულია, როგორც სამართლიანობითა და პრინციპულობით ცნობილი პიროვნება (ცნობილია ვისთვის?), მაგრამ, ნუთუ მისი ეს თვისებები საკმარისია მასალის ცალმხრივობის გასამართლებლად? ამ ჟურნალისტურ ნაშრომში ის ნაწილები, სადაც ჯაველიძის მიერ გამოთქმულია ხელისუფლების საწინააღმდეგო მოსაზრებები, საგანგებოდ არის გამუქებული (თუმცა, ყურადღების გამახვილების ეს ხერხი საერთოდ მთელი ამ გაზეთის სტილია). ამით ჩანს მუქ ფერებში წარმოჩენილი სინამდვილე და მეტისმეტად უარყოფითი თვითნებური აქცენტების გაკეთება (“მიხეილ სააკაშვილს არ სურს აფხაზეთის დაბრუნება!”, “სააკაშვილი კვლავ იტყუებოდა!”, “მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები კიდევ ორმოცდაათი წლით აპირებენ ქვეყნის მართვას!”, “საქართველოს ვეღარ გადავარჩენთ!”). ამ მასალაში აღწერილი ცნობები საზოგადოებისათვის არის უპატიოსნოდ მიწოდებული, რადგან ჟურნალისტი არ სთხოვს რესპონდენტს ამ უკანასკნელის მიერ ნათქვამი ფაქტების რაიმე საბუთით დადასტურებას და გაზეთში არც რაიმე სხვა მასალა ჩანს საწინააღმდეგო მხარის პოზიციის შესახებ.
“ასავალ დასავალის” 17 – 23 მარტის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში “ესვრის თუ არა ირანი საქართველოს ბალისტიკურ რაკეტას” ლიდი არ აკმაყოფილებს 5ჭ და H-ის სტანდარტებს (ასეთი რამ უცხო არ არის სხვა სტატიებისთვისაც), თვით სტატიაში კი ასეთი რამ გვხვდება: დასმულია კითხვა, რომლითაც “ალბათ მკითხველი დაინტერესდა”, შემდეგ კი წერია - “გიპასუხებთ” (ჟურნალისტის მხრიდან) და მთელი მასალა ავტორის პოზიციებზეა აგებული (“ამერიკელების იმედი ჩვენს მტერს ჰქონდეს”, “გამოდის, ისევ უფლის იმედად ვრჩებით!!!”, “იქნებ ბუშის ადმინისტრაციას ახლა მაინც ეყოს ჭკუა და სანავთობო ვნებეს არ გადააყოლოს ქვეყნიერება!”). შეტყობინების ასე გადმოცემა არათუ ხელს უწყობს მკითხველის მიერ ინფორმაციის ადეკვატურ აღქმას, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც ამ მოვლენის განხორციელებას.
ზოგადად, ჟურნალისტური საქმიანობა გულისხმობს საზოგადოებაში არა ვიწრო პარტიულ, არა ვიწრო პროფესიულ საკითხთა გავრცელება-დაბეჭდვას, არამედ საზოგადოებრივი აზრის ორიენტირებას საყოველთაოდ აღიარებულ მორალურ და კულტურულ ფასეულობებზე. “ასავალ დასავალის” 24 – 30 მარტის ნომრის სტატიაში “ტეფტონიკური რყევები” ამ ფუნქციის შესრულება ნამდვილად არ ჩანს. მასში მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია, როგორც “ბუშის პროექტი”, სტატიის ავტორი ჟურნალისტი ამბობს, რომ “აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ხელისუფლების მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს”. ჟურნალისტი ხშირად იყენებს სიტყვებს: ალბათ; ჩანს; თუმცა არ აღწერს კონკრეტულ ფაქტებს, საიდან გამომდინარეც გამოაქვს დასკვნები (ან საერთოდ არის კი უფლებამოსილი გამოჰქონდეს?).
ჟურნალისტური სტანდარტების სრული დაუცველობაა “ასავალ დასავალის” 7 – 13 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში “საქართველო პირში MAPგამოვლებული დატოვეს, ანუ სააკაშვილის გამო უკრაინაც დაისაჯა”. ამ ჟურნალისტურ ნაშრომში წერია, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ დახვრიტა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი, გურამ შარაძე და ბევრი სხვა უდანაშაულო ადამიანი”, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის 5 იანვარს ხალხის არჩევანი ფეხებზე დაიკიდა და საპრეზიდენტო არჩევნები თავხედურად გააყალბა”. ასე არ ისაუბრებდა ჟურნალისტი, რომელიც ფაქტების შეფასებების გარეშე მიწოდებაზე უნდა ზრუნავდეს, რათა შემდეგ საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს რა არის სიმართლე. ამ სტატიაში თითქმის დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე, რადგან არავის დაუმტკიცებია ზემოთ დასახელებული ბრალდებების სისწორე კანონიერად. პოლიტიკური მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტიკა უნდა ეხმარებოდეს საზოგადოებას მიმდინარე პროცესებში გარკვევა-გაცნობიერებაში, მისი ავ-კარგის გარკვევაში, ზემოთხსენებულ სტატიაში კი ხდება აუდიტორიის დაბნევა. ჭორებისა და სხვა დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნება და პირადი სიმპათიების ჩვენება პუბლიკაციებში კი ჟურნალისტური მცნებების დარღვევაა. ამან შეუძლებელია საზოგადოებას სიკეთე მოუტანოს. სტატიაში არ ჩანს არც ერთი მხარის წარმომადგენელი წყაროს მოსაზრება და არც კომპეტენტური, ნეიტრალური ექსპერტის პოზიცია. ჟურნალისტის ვარაუდებით შექმნილი სტატია არაკომპეტენტურია, არაკომპეტენტურობა კი მკითხველის ადობას ანგრევს. აქ ჩანს აგიტაცია და პროპაგანდა ჟურნალისტის მხრიდან (“ტყუილებითა და ერის გაბითურებით MAP-ს კი არა, მხოლოდ ისტორიის სანაგვეს გამოჰკრავთ ხელს, პატივცემულებო!”, “ბოღმა ნუ დაგახრჩობთ და დაგაბრმავებთ, სანამ რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით და დუნიის სასაცილოდ ნუ გაიხდით თავს!”, “სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი იმდენად დისკრედიტირებულია მსოფლიოს თვალში, რომ მიშასთან ძმაკაცობა ხეირს არავის დააყრის!”, “ხელისუფლებას საქართველოს ბედი სულაც არ ანაღვლებს” და მრავალი სხვა.).
“ასავალ დასავლში” გამოქვეყნებული პოლიტიკური ხასიათის მასალების გაცნობა მოწმობს, რომ იგი სულაც არაა “ზეპარტიული და დამოუკიდებელი”, რასაც გაზეთი იჩემებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასში გადმოცემული სტატიები არ იქნებოდა აშკარად ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული, ასეთი დაუბალანსებელი და მუდამ ავტორი ჟურნალისტის აზრებზე (ვინ გადაწყვიტა, რომ იგი სანდო ექსპერტი და წყაროა?) დამყარებული.

No comments: