ვინ ვართ ჩვენ? როგორია ჩვენი ქვეყანა? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემაც ძალიან ძნელია. გახვალ თბილისის ქუჩებში და ირგვლივ ყველაფერი ათასფრად ელვარებს – თვალში გხვდება ჭრელაჭრულა სხლები, ყვითელი ავტობუსები, ფერადი ადამიანები... ყველაფერი ფერადია, კი, ფერადია, მაგრამ მაინც ნაცრისფერი... აქეთ სიმღერის „გამარჯობა, აფხაზეთო შენის“ შემოქმედებს აჯილდოვებენ, იქით ბავშვები მათხოვრობენ, რომელთა შორისაც ნამდვილ გაჭირვებულთა გარდა ბევრია ისეთიც, რომელსაც უბრალოდ „არ უტყდება“ და გამვლელებისაგან ფულს ითხოვს. კარგია სარჩოს იოლი გზით შოვნა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იღებენ კიდეც მას. მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ისეთი ადამიანები, რომეტაც ღირსება ჯერ კიდევ შერჩენიათ საიმისოდ, რომ ვიღაც უცნობის მიერ მიგდებული კაპიკების ხარჯზე ვერ შეძლონ ცხოვრების მოწყობა? რატომ უნდა ხდებოდეს, რომ ვიღაცა არაღირსეულად იღებდეს ჯილდოს მაშინ, როცა ნამდვილი ხელოვანი ელემენტარული სარჩოს გარეშე კვდება? კვდება მშვიდად, მშვიდად, თუმცა მტკივნეულად... მის მიმართ სულ ცოტაოდენი, იოტისოდენა პატივისცემა მაინც რომ გამოეჩინათ, მისი გულისტკივილი ახლოს რომ მიეტენათ, ნუთუ ამით ქვეყანას რამე დააკლდებოდა? ვაი, რომ პირიქით – რა დაკლებაზეა საუბარი, როცა უდიდესი განძი – ქვეყნის გასაჭირით გულანთებული ხელოვანი ადამიანის გონება და გული ქრება? ეს უდიდესი ტრაგედიაა. ხელოვანი უღიმღამოდ უჩინარდება, ვითომც აქ არაფერიაო და ეს საშინელებაა. ილიასი არ იყოს, ხელოვნებას სარკესავით ცხოვრების გადმოცემა უნდა მოვთხოვოთ, ხელოვნების კალამი კი თავისი არსით ჩვენი „სიკარგის“ და „სიცუდის“ დამხატველი უნდა იყოს. და როცა ჩვენივე მიზეზით ვკარგავთ ხელოვან პიროვნებას, ჩვენ და ჩვენი ქვეყანა თანდათან იცლება საღი აზრის მაწარმოებელთაგან, სიკეთის ფრაზების შემქმნელი ადამიანებისაგან. მტკივნეულია... ძალიან... დღეს ერთი დაიკარგება, ხვალ – მეორე, მერე მესამეც გამოჩნდება... ნეტავ როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ ნაცრისფერ ქვეყანაში დიდ პიროვნებათა შავ–თეთრი წასვლა? და, ამავე დროს, უსაზღვროდ მტკივნეულიც? როდემდე უნდა ხდებოდეს დაფრენა ისე, რომ აფრენა ვერ მოასწრო სათანადოდ? თუმცა, როგორ არა! ხელოვანი მოღვაწე თავისთავად უკვე დგას ზეცის უმაღლეს საფეხურზე, ხან „მიწისაა“, ხან – „ცისა“ ეს „გარემოების საყვირი“. უღირსი ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს ხელოვანის სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეს, აქ გულსატკენი ისაა, რომ ეს უკანასკნელი ქართულ დღევანდელობაში შიმშილით კვდება და არავინ ჰყავს გულწრფელი შემწე... სამწუხაროა, რომ ირგვლივ გამეფებული ნაირფერობა მხოლოდ ნიღაბია ჩვენი სინამდვილისა, რომელსაც გარეგნული მოკაზმვა არაფერს უშველის თუ ბუნებით სუფთა არ გახდება... სინამდვილე შავისა და თეთრის კომბინაციაა მხოლოდ... სამწუხაროა ასევე ისიც, რომ დიდებული ადამიანები მართლაც უძეგლოდ იკარგებიან...
2007 წლის 30 ნოემბერი.
2007 წლის 30 ნოემბერი.
No comments:
Post a Comment