Tuesday, November 11, 2008

რას ნიშნავს ჟურნალისტური სტანდარტები?

ყველა ადამიანის უფლებაა ფლობდეს ოპერატიულ, ზუსტ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას, ხოლო, თავის მხრივ, ჟურნალისტი ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს აუდიტორიის ინტერესების ადეკვატური მიუკერძოებელი ინფორმაცია. ამ ვალდებულების შესრულებისას კი ყველა ჟურნალისტმა, რომელიც პროფესიონალობაზე დებს თავს, უნდა დაიცვას პროფესიული სტანდარტით დადგენილი წესები და ეთიკური ნორმები. ჟურნალისტიკა განსაკუთრებული სოციალური ინსტიტუტია, რომლის საქმიანობაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათისაა. იგი ღრმად იჭრება ცხოვრების ყველა სფეროში, ყველა რეალურ პროცესში. დასავლური სტანდარტების მიხედვით გაზეთებს უნდა გააჩნდეთ ისეთი თვისებები, რაც აუცილებელია პროფესიონალური ჟურნალისტური საქმიანობისათვის, რომელიც არსებობს არა კომერციული მიზნებისათვის, არამედ შექმნილია რაიმე მოღვაწეობით დაინტერესებული ადამიანების მიერ. ამაში იგულისხმება მკვეთრად გამოხატული მიმართულება, მასალის მრავალფეროვნება და მისი შემეცნებითი ხასიათი, თანამედროვეობის გრძნობა, კრიტიკის განყოფილების კორექტულობა, მკითხველთან მრავლისმომცველი, საინტერესო ლაპარაკის უნარი. ხოლო თუ მათ ძებნას დავიცყებთ, ვთქვათ, ქართულ პრესაში, არაერთგვაროვან შედეგს მივიღებთ. მაგალითად, გაზეთ “ასავალ-დასავალის” გარეკანზევე მითითებულია, რომ იგი არის “დამოუკიდებელი და ზეპარტიული”, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასში გადმოცემული ცნობები თუ სტატიები მიუკერძოებელი ხასიათისა უნდა იყოს. თუმცა ბევრი მათგანის წაკითხვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი აშკარად ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული პერიოდული გამოცემაა.
მაგალითად ავიღოთ სტატია “უქარქაშო ხმები”, სადაც ჟურნალისტი მოგვითხრობს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. აქ პირდაპირ ჩანს სტატიის ავტორის ანტიპათიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, როცა ამბობს: ““ვარდოსნებს” პირი ნაკერავზეც რომ გაერღვეთ, ცალი თვალი აეხილოთ ან დაბმული ენაც რომ აეხსნათ, ხალხის თვალში გაკეთილშობილებას მაინც ვერ მოახერხებენ”. ამ წერილში გამოხატულია ახლანდელი ხელისუფლების მხოლოდ უკიდურესად უარყოფითი მხარეები. აქ არ არის კრიტიკა, რადგან ეს უკანასკნელი შეფასებას, განხილვას გულისხმობს, მაგრამ, სამაგიეროდ, წარმოგვიდგება ზედმეტად გამუქებული სინამდვილე. ეს კი თავის მხრივ, არის ჟურნალისტიკის მორალური ვალდებულების დარღვევააუდიტორიის წინაშე. ამ სტატიაში გადმოცემული შინაარსი არის არა ფაქტებით დასაბუთებული ჯანსაღი კრიტიკა, არამედ, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებაზე საშინლად გაბრაზებული ადამინის ამონათქვამი. ეს მოვლენა კი ჟურნალისტური სტანდარტის უხეში დარღვევაა, რატომ უნდა იყოს ჟურნალისტურ ნაშრომში გამოყენებული ნიშნისმოგებითი გამონათქვამები არგუმენტირებული ფაქტების ნაცვლად? სტატიის ბუნდოვანება მკითხველს არ აძლევს საშუალებას გამოუმუშავდეს სწორი შეხედულება “ბოროტისა და კეთილის” შესახებ, რაც საერთოდ ჟურნალისტური საქმიანობის მიზანია აუდიტორიის წინაშე. ეს კი უნდა მოხდეს ობიექტური ცნობების გადმოცემის საშუალებით. ამ სტატიაში კი ავტორი თითქოს საზოგადოებისთვის თავისი აზრების მოხვევას ცდილობს, რაც ჟურნალისტური სტანდარტებისათვის შეუფერებელი საქციელია. “ბოროტი და კეთილი” რომ გავარჩიოთ, წარმოდგენილი უნდა იყოს ორივე – დადებითი და უარყოფითი მხარეები ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. სტატიაში კი მხოლოდ ნეგატიურია ნაჩვენები, რაც სრულიად ბუნებრივად ტოვებს შთაბეჭდილებას მიზანის შესახებ – ვიფიქროთ ცუდი მასზე, ვიზეც ჟურნალისტი წერს. ეს კი ჟურნალისტის პროფესიულ მოვალეობას – დაიცვას ჟურნალისტიკის უმნისვნელოვანესი ელემენტი – ობიექტურობა – ღალატობს.
თუ სხვა სტატიებსაც გადავხედავთ, ვნახავთ რომ გაზეთი მხოლოდ ერთ მხარეს იხრება. ჟურნალისტების მიერ სიახლის გადმოცემა ხდება მათი სუბიექტური მოსაზრებების საფუძველზე. აქაც ჩანს სინამდვილის უკიდურესად მუქ ფერებში წარმოჩენა და მეტისმეტად უარყოფითი თვითნებური აქცენტების გაკეთება. აქ ჟურნალისტური სტანდარტები ირღვევა, რადგან ხდება აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა მასალის უპატიოსნოდ მიწოდების გზით. არ შეიძლება ჟურნალისტურ ნაშრომში გამოტოვებული იყოს ბაზისური ფაქტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა საზოგადოების მიერ საკითხის არსში სრულად გარკვევას. ალბათ ასეთი სახის ჟურნალისტური ნაშრომი ვერ შეძლებს დასაბუთებული, მიუკერძოებელი და საინტერესო ინფორმაციის მსურველი აუდიტორიის დაკმაყოფილებას, მით უმეტეს, თუ ეს ხდება ჟურნალისტიკის პროფესიონალური ეთიკის უგულებელყოფით.
მსგავსი სტატიები მრავლადაა გაზეთ “ალიაშიც”. მათში გაუთავებლად იგრძნობა საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობილი მოსაზრებების სუბიექტურობა. ზოგიერთ სტატიას ლიდი საერთოდ არ აქვს და რომელსაც აქვს, უზარმაზარია და თან ისეთი, სადაც მხოლოდ მოწოდებების და პროპაგანდის მსგავსი შინაარსი ჩანს და არც კი ეხება იმ თემას, რაზეც უშუალოდ სტატიაშია ლაპარაკი (“რა დაუჯდა მერიას პრომეთეს დამზადება”– ამ სტატიის “ლიდის” ბოლო აბზაცი სრულიად საკმარისი იქნებოდა დასაბეჭდად).
ამ გაზეთში ჟურნალისტური სტანდარტები ირღვევა იმით, რომ სტატიებში გადმოცემულ ამბებთან დაკავშირებით კომენტარს არ სთხოვენ ორივე მხარეს და მხოლოდ ერთი მათგანის მოსაზრებით შემოიფარგლებიან. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ გამონათქვამზე “ალიამ” კომენტარი სთხოვა ზვიად ძიძიგურს (ოპოზიციის წარმომადგენელი) და ისტორიკოს გუბაზ სანიკიძეს (ისტორიკოსი, მაგრამ მაინც ოპოზიციის წარმომადგენელი), თან ისეთ საკითხზე, რომელზე ყურადღების გამახვილებაც, უბრალოდ, არ შეიძლება, როცა ირგვლივ სხვა უამრავი პრობლემური საკითხია განსახილველი (კერძოდ, ისინი “არჩევდნენ” სააკაშვილმა იცის თუ არა ვახტანგ გორგასალი ნატოში შესვლაზე “ოცნებობდა” თუ არა).
ასევე, გაზეთში მრავლადაა ძნელად გასაგები ჟარგონები, რაც აგრეთვე არ შეესაბამება ჟურნალისტურ სტანდარტებს. მკითხველისთვის ძნელია ინფორმაციის აღქმა, თუ იგი მის არსს, უბრალოდ, ვერ გაიგებს ენის სირთულის გამო.
ცალკე თემაა მასალებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა “ამბობენ”, “კულუარებში ირკვევა” და ა.შ. არ შეიძლება ჟურნალისტმა თავისუფლად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნოს წერილი, თუ საერთოდ არ იცის ვინ არის ინფორმაციის კონკრეტული წყარო, რადგან ამ უკანასკნელს შეუძლია შეგნებულად და ბოროტი განზრახვით შეცდომაში შეიყვანოს მასმედიის წარმომადგენელი, ამიტომ ჟურნალისტი კრიტიკულად უნდა ეკიდებოდეს მას. აქ კი წყარო საერთოდ არ ჩანს. გასაგებია, თუ ეს იმიტომ ხდება, რომ წყაროს არ სურს გამჟღავნება, მაგრამ თუ ეს ასეა, ჟურნალისტი ვალდებულია მიუთითოს ამის შესახებ. არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს არ აკმაყოფილებს ასევე იმ ელემენტის დარღვევა, რასაც დროული შეტყობინება ჰქვია. ბევრ ქართულ ჟურნალში იგი უგულებელყოფილია (სარკე, რეიტინგი...). მათში სეიძლება ზუსტად ერთნაირი სტატიების ნახვა, რომლებიც გადმოთარგმნილია უცხოურიდან და, რაც ყველაზე ცუდია, ისინი ძალიან ხშირად დაგვიანებით და თან არასწორადაა მოწოდებული. ზოგიერთ ჟურნალსი თუ გაზეთში ისეთი სტატია აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც ერთი წლის წინ სხვაში უკვე იყო გამოქვეყნებული(!). ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ქართული ბეჭდური მედია უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის საქმიანობას. ამ ტიპის ბეჭდურ საშუალებებს ყვითელ პრესად თვლიან, თუმცა მათ ქართულ ვარიანტში არ არის ნამდვილი ”Pენნყ Pრესს”- სთვის დამახასიათებელი არც სკანდალურობა, არც – სენსაციურობა.
რაც შეეხება “ხარისხობრივ ჟურნალისტიკას”, ასეთად ალბათ შეიძლება დასახელდეს “24 საათი”, რადგან მასში ნაკლებადაა სკანდალურ თუ სენსაციის მოხდენის მიზნით შეუმოწმებელი ამბების პუბლიკაცია, პირად ცხოვრებაში ჩარევა, ეთიკური ნორმების დარღვევა და უგემოვნო რეკლამა. თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი ალბათ მაინც შედარებითია და მხოლოდ საქართველოს ფარგლებს მოიცავს.
ყველა პროფესიონალი ჟურნალისტი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს თავისი საქმე და მოვალეობა. მაგალითად, ცნობილი გერმანელი ჟურნალისტს გიუნთერ ვარლაფს დევნიდნენ, თავს ესხმოდნენ, ლანძღავდნენ და ავიწროებდნენ, მაგრამ მას საქმისადმი თავდადება აიძულებდა სწორ გზას გაჰყოლოდა. ქართველ ჟურნალისტებში კი ეს თვისებები ნაკლებადაა და ალბათ ამიტომაცაა აქაური პრესა ასეთი ცალმხრივი და მწირი.
Yველა ჟურნალისტი ვალდებულია გაავრცელოს დროული და ობიექტური ინფორმაცია, რადგან ხალხს უფლება აქვს ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის მეშვეობით იღებდნენ სინამდვილის ობიექტურ სურათს, გამოხატავდნენ საკუთარ აზრს მისი საშუალებით, როგორც ურთიერთკავშირისა და კულტურული გაცვლის საშუალებას.

No comments: